ცნობილმა პორტალმა Transfermarkt-მა საფრანგეთის ლიგა 1-ში მოთამაშე ფეხბურთელების ფასები განაახლა.
ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც დეკემბრიდან მოყოლებული 85 მილიონ ევროდ ჰყავდათ შეფასებული, ახლა 80 მილიონი ევრო ღირს. შესაბამისად, ის 5 მილიონით გაიაფდა.
მიუხედავად ამისა, კვარაცხელია ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია, როგორც საქართველოში, ისე მთლიანად ლიგა 1-ში და „პარი სენ-ჟერმენშიც“. მესამე ადგილზეა მარცხენა გარემარბებს შორის ვინისიუსის და ლუის დიასის შემდეგ, ხოლო ასევე მესამე ადგილს იკავებს 2001 წელს დაბადებულებს შორის ბუკაიო საკასა და როდრიგოს შემდეგ. მთლიანად მსოფლიოში კი, 23-ე პოზიციაზეა.
სამაგიეროდ, ოდნავ გაძვირდა გიორგი მიქაუტაძე, რომელიც 18 მილიონად თუ იყო შეფასებული, ახლა 20 მილიონი ევრო ღირს. მიქაუტაძე საქართველოში მესამეა კვარაცხელიას და გიორგი მამარდაშვილის შემდეგ, „ლიონში“ მეოთხე, ლიგა 1-ში 38-ე, ფორვარდებში 71-ე, 2000 წელს დაბადებულ ფეხბურთელებში 59-ე, ხოლო მსოფლიოში 485-ე.
გაძვირდა ზურიკო დავითაშვილიც, რომელიც 8 მილიონად ფასობდა, ახლა 10 მილიონი ევრო ღირს. ზურიკო „სენტ ეტიენის“ ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია, ლიგა 1-ში 95-ე ადგილზეა, საქართველოში მე-4 კვარაცხელიას, მამარდაშვილისა და მიქაუტაძის შემდეგ, 2001 წელს დაბადებულებში 111-ე, მარჯვენა გარემარბებში 112-ე, ხოლო მსოფლიოში 1036-ე.