ფეხბურთი

3:16 | 24.03.2025 | ნანახია NaN - ჯერ

დრამა გერმანია-იტალიის მატჩში: ერთა ლიგის ოთხთა ფინალის ყველა მონაწილე გაირკვა

უეფას ერთა ლიგის A დივიზიონში ნახევარფინალები გაირკვა, მეოთხედფინალები კი, ისეთი გამოვიდა, უკეთესს ალბათ, ვერავინ ინატრებდა.

ესპანეთის ნაკრებმა ნიდერლანდებს აჯობა, ორი მატჩის ჯამში 5:5 (2:2, 3:3) და პენალტების სერიით მოიგო, შესაბამისად, ნახევარფინალშია. თუმცა, ამ თამაშზე ცალკე დავწერეთ, ვინაიდან მისი გამარჯვებულით გაირკვა საქართველოს ნაკრების მეტოქე მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე.

დანარჩენი სამი წყვილიც არანაკლებ დრამატული იყო.

საფრანგეთის ნაკრებმა ხორვატიის ბარიერი მაინც დაძლია, მიუხედავად იმისა, რომ სტუმრად პირველი თამაში 0:2 წააგო. დიდიე დეშამის გუნდმა შინ ანალოგიურად აჯობა მეტოქეს მაიკლ ოლისეს და უსმან დემბელეს გოლებით. პენალტებში გუნდებმა 7-7 დარტყმა შეასრულეს, უფრო ზუსტად ფრანგებმა - 5:4.

პორტუგალიას დანიის დასამარცხებლად დამატებითი დრო დასჭირდა. სკანდინავიელებმა შინ 1:0 მოიგეს, მაგრამ სტუმრად მიუხედავად იმისა, რომ მიზნამდე რამდენიმე წუთი დააკლდათ - 2:5 წააგეს. კრიშტიანუ რონალდუმ მე-6 წუთზე პენალტი ვერ გაიტანა, თუმცა ტაიმის მიწურულს ლუზიტანელები მაინც წინ გავიდნენ. მეორე ტაიმში ჯერ დანიამ გაათანაბრა, მერე რონალდუმ ისევ წინ გაიყვანა მასპინძლები, ხოლო კრისტიან ერიკსენმა მეორედ გაათანაბრა (2:2). ეს შედეგი დანიას აძლევდა ხელს, მაგრამ 81-ე წუთზე თამაშში ტრინკაო ჩაერთო, რომელიც მატჩის გმირი გახდა. მან 86-ე წუთზე 3:2 გახადა ანგარიში და თამაში დამატებით დროში გადაიყვანა, რომლის პირველივე წუთზე დუბლი შეასრულა! ბოლოს გონსალო რამოშის გოლიც იყო და პორტუგალია მომდევნო ეტაპზეა.

ერთა ლიგის ნახევარფინალების მასპინძელი ირკვეოდა გერმანია-იტალიის წყვილში. სამი დღის წინ იტალიამ თამაშით დაჩაგრა მეტოქე, მაგრამ მილანში 1:2 მაინც წააგო. დორტმუნდში კი, გუნდებმა დიდებული შოუ დადგეს: გერმანიამ ტაიმი 3:0 მოიგო და „სკუადრა აძურა“ უიმედო ვითარებაში იყო. განსაკუთრებით კურიოზული გამოდგა გერმანელმა მეორე გოლი, მსგავსი გოლი შეიძლება ნანახიც არ გქონდეთ... თუმცა, მეორე ტაიმში იტალიამ იბრძოლა, მოიზე კინმა დუბლი შეასრულა, ჯაკომო რასპადორიმ სულაც გაათანაბრა და მატჩი 3:3 დასრულდა. თუმცა, მეტისთვის ლუჩანო სპალეტის გუნდს დრო აღარ ჰქონდა. ორი შეხვედრის ჯამში გერმანია შემდეგ ეტაპზეა - 5:4.

გერმანია - იტალია 3:3 (3:0) - ორი მატჩის ჯამში: 5:4

გოლები: 1:0 კიმიხი (30, პენ), 2:0 მუსიალა (36), 3:0 კლიენდიენსტი (45), 3:1 კინი (49), 3:2 კინი (69), 3:3 რასპადორი (90, პენ)

საფრანგეთი - ხორვატია 2:0 პენ: 5:4 (0:0) - ორი მატჩის ჯამში: 2:2

გოლები: 1:0 ოლისე (52), 2:0 დემბელე (80)

პორტუგალია - დანია 5:2 დ.დ (1:0) - ორი მატჩის ჯამში: 5:3

გოლები: 1:0 ანდერსენი (38, ა.გ), 1:1 კრისტენსენი (56), 2:1 რონალდუ (72), 2:2 ერიკსენი (76), 3:2 ტრინკაო (86), 4:2 ტრინკაო (91), 5:2 რამოში (115)

ერთა ლიგის კალენდარი

გერმანია - პორტუგალია (5 ივნისი, მიუნხენი)

ესპანეთი - საფრანგეთი (5 ივნისი, შტუტგარტი)

დამარცხებულებს შორის მატჩი მესამე ადგილისთვის (8 ივნისი, შტუტგარტი)

გამარჯვებულებს შორის ფინალი (8 ივნისი, მიუნხენი)

გარდა ამისა, დღეს ერთა ლიგის სხვა დივიზიონებში მომდევნო სეზონის მონაწილეების ბედიც გაირკვა:

B დივიზიონიდან A დივიზიონში აღზევდა თურქეთის ნაკრები, რომელმაც სტუმრად უნგრეთი 3:0 დაამარცხა და ორი მატჩის ჯამში 6:1 აჯობა. შესაბამისად, უნგრელები დაქვეითდნენ.

C დივიზიონიდან B დივიზიონში აღზევდა კოსოვო, რომელმაც ისლანდიას გასვლაზე 3:1 მოუგო, ორი მატჩის ჯამში კი, 5:2 სძლია. თავის მხრივ, ისლანდია დაქვეითდა.

სლოვენიამ B დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა, მას შემდეგ, რაც სლოვაკეთი დამატებით დროში 1:0 დაამარცხა და ორი მატჩის ჯამშიც ამ ანგარიშით აჯობა. სლოვაკეთი ისევ C დივიზიონში გამოვა.

სერბეთის ნაკრებმა A დივიზიონში შეინარჩუნა ადგილი, რადგან ავსტრიას 2:0 მოუგო (ორი მატჩის ჯამში 3:1), ხოლო ავსტრია ისევ B დივიზიონში ითამაშებს. თავის მხრივ, საბერძნეთის ნაკრები A დივიზიონში აღზევდა, რადგან შოტლანდიას სტუმრად 3:0 სძლია, არადა, შინ 0:1 ჰქონდა წაგებული. ამრიგად, ბერძნები აღზევდნენ, ხოლო შოტლანდიელები B დივიზიონში დაქვეითდნენ.

A დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა ბელგიამ, რომელიც უკრაინასთან სტუმრად 1:3 წაგების შემდეგ რთულ სიტუაციაში იყო, მაგრამ საკუთარ მოედანზე ბელგიელებმა 70-ე წუთიდან 86-ე წუთამდე სამი უპასუხო გოლი გაუტანეს მეტოქეს და 3:0 მოიგეს (ორი მატჩის ჯამში 4:3).

ირლანდია B დივიზიონში დარჩა, რადგან ბულგარეთს შინ და ორი მატჩის ჯამშიც 2:1 მოუგო, ხოლო ბულგარეთი ისევ C დივიზიონში იასპარეზებს.

საქართველოს ნაკრებმაც მოგეხსენებათ, B დივიზიონში შეინარჩუნა ადგილი და სომხეთი ორი მატჩის ჯამში 9:1 გაანადგურა (3:0, 6:1).

თეგებიერთა ლიგა

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.064859