საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა სომხეთთან მატჩის (6:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, მწვრთნელის დავალებები იდეალურად შეასრულეს.
„დინამო არენაზე“ დაბრუნება ყოველთვის განსაკუთრებულია, ეს სტადიონი განსაკუთრებულია, რაც დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. ვფიქრობ, იდეალურად შევასრულეთ მწვრთნელის დავალებები და შედეგზეც აისახა, ძალიან მაღალი დონის ფეხბურთი ვაჩვენეთ. ხშირად ხდება, როცა პირველ ტაიმს ასე დიდი ანგარიშით იგებ, შემდეგ მოტივაცია ცოტა ეცემა. მეორე ტაიმში თამაში კარგად ვერ დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ გამოვასწორეთ და ისევ ვაკონტროლებდით თამაშს. მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ვემზადებით, თუმცა ცოტა დიდი პაუზაა. ვეცდებით, რომ მაქსიმალურად კარგად მოვემზადოთ“, - თქვა კიტეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო სეზონში ერთა ლიგაზე ისევ B დივიზიონში ითამაშებს, ხოლო შემდეგი სანაკრებო ფანჯარა ივნისშია, როცა ვილი სანიოლის გუნდი ამხანაგურ მატჩებს ჩაატარებს, თუმცა მეტოქეების ვინაობა მოგვიანებით გაირკვევა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია