კალათბურთი

19:44 | 23.03.2025 | ნანახია 0 - ჯერ

ორმაგი დუბლი და მატჩის MVP - შერმადინმა ესპანეთში მაგარად ითამაშა

ესპანეთის ლიგა ენდესას 24-ე ტურში ტენერიფე შინ მორაბანკ ანდორას შეხვდა და მეტოქე 12-ქულიანი სხვაობით 96:84 დაამარცხა, რითაც ესპანეთში მე-4, ხოლო ყველა ტურნირზე ზედიზედ მე-7 გამარჯვება მიითვალა.

გიორგი შერმადინის გუნდმა მხოლოდ მეორე პერიოდი დათმო, როდესაც მეტოქემ 7-ქულის ამოქაჩვა და იმ მომენტისთვის წინ გაჭრა მოახერხა, თუმცა მესამე მეოთხედიდან „ტენერიფემ“ უპირატესობა მოიპოვა, საქმე კი ბოლომდე დასკვნით მეოთხედში მიიყვანა, როდესაც 26:15 მოიგო.

საქართველოს ნაკრების ლიდერს ერთ-ერთი გამორჩეული თამაში ჰქონდა. გიორგიმ პარკეტზე 31:32 წუთი გაატარა, რა დროშიც ორმაგი დუბლი გაიფორმა. შერმადინმა 22 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა. მან 8 ორქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ქართველი კალათბურთელის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 38 შეადგინა.

მეტოქე გუნდიდან ასევე 22 ქულა ჰქონდა ჰარდინგს.

„ტენერიფეს“ 19 მოგებითა და 5 მარცხით 38 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მხოლოდ მადრიდის „რეალს“ ჩამორჩება. შერმადინი და მისი თანაგუნდელები მომდევნო შეხვედრას 29 მარტს, „სარაგოსას“ წინააღმდეგ ჩაატარებენ.

0.068058