1 ვერცხლი და ორი ბრინჯაო, ამ შედეგით დაასრულეს ქართველმა ძიუდოისტებმა თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე. ფინალში გურამ თუშიშვილმა იჭიდავა, ხოლო კიდევ ორმა: გიორგი ჯაბნიაშვილმა და ირაკლი დემეტრაშვილმა ბრინჯაოს მედალს შეუტიეს.
+100 კგ წონით კატეგორიაში თუშიშვილმა ნეიტრალური გუნდის წევრი იბრაგიმ მარგიევი, კვიპროსელი იანის ანტონიუ და მონღოლი გონჩიგსურენ ბატხუიაგი დაამარცხა. ფინალში გურამის მეტოქე რუსი ინალ ტასოევი ოყო, რომელთანაც დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. აღსანიშნავია, რომ ტასოევი ნეიტრალური გუნდის სახელით გამოდის.
ამავე წონაში ბრინჯაოს შანსი კარგად გამოიყენა ირაკლი დემეტრაშვილმა. მან ნიდერლანდელი იელე სნიპე და უკრაინელი ევგენი ბალიევსკი დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში ხსენებულ ტასოევთან წააგო. ბრინჯაოსთვის დემეტრაშვილის მეტოქე უზბეკი შოხრუხონ ბახტიაროვი გახლდათ. ამავე წონაში უმედლოდ დარჩნენ გაბო მუკბანიანი და საბა ინანეიშვილი.
90 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გაიმარჯვა გიორგი ჯაბნიაშვილმა, რომელმაც თავდაპირველად ტაჯიკი შოდმონ რიზოევი, ნეიტრალური გუნდის წევრი ალიაქსანდრ სიდორიკი და სერბი ისლამ სოგენოვი დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში ფრანგ ალექსის მატიუსთან მარცხი განიცადა და მესამე ადგილისთვის შეხვედრაში სლოვაკ პეტერ ჟილკას აჯობა.
თბილისის გრანდ სლემი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც 52 ქვეყნის 385 სპორტსმენი გამოდიოდა. ჩვენი ქვეყანა ტურნირზე 7 წონით კატეგორიაში 4-4 ძიუდოისტით იყო წარმოდგენილი და ჯამში 9 მედალია (2 ოქრო, 2 ვერცხლი, 5 ბრინჯაო): ბოლო საშეჯიბრო დღემდე - ეთერ ლიპარტელიანი და ლაშა შავდათუაშვილი ოქროს, თემურ ნოზაძე ვერცხლს, ხოლო ნინო ლოლაძე, ზაურ დვალაშვილი და ირაკლი ბეროშვილი ბრინჯაოს დაეუფლნენ.