ფეხბურთი

19:50 | 23.03.2025 | ნანახია 985 - ჯერ

საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ისევ გაანადგურა და B ლიგაში ადგილი შეინარჩუნა

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის B დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა. ეს სომხეთთან ორმატჩიანი პლეი-ოფის პირველივე მატჩიდან პრაქტიკულად გარკვეული იყო, როცა ვილი სანიოლის გუნდმა სტუმრად 3:0 მოიგო.

თბილისში, კონკრეტულად "დინამო არენაზე" ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულმა საქართველოს ნაკრებმა კი, გულშემატკივარს შოუ შესთავაზა და მეტოქე კიდევ ერთხელ გაანადგურა.

პირველივე ტაიმში 5 უპასუხო გოლი! ანგარიში ჰაროიანის ავტოგოლით მეოთხე წუთზე გაიხსნა, შემდეგ იყო გიორგი მიქაუტაძის დუბლი, გიორგი ჩაკვეტაძის და ოთარ კიტეიშვილის გოლები - 5:0. მიქაუტაძეს 37 სანაკრებო შეხვედრაში უკვე 20 გოლი დაუგროვდა, კიდევ უფრო მიუახლოვდა შოთა არველაძეს, რომელსაც მხოლოდ 6 გოლით ჩამორჩება.
პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრებმა პირველად შეძლო 5-ბურთიანი უპირატესობით გამარჯვება ოფიციალურ მატჩში, უკეთესი შედეგი ტაიმში მხოლოდ ტაილანდთან ჰქონდა (6:0), თუმცა ის ამხანაგური მატჩი იყო.

პირველ ნახევარში საქართველოს ნაკრები აბსოლუტური დომინანტი იყო, კიდევ შეეძლო გატანა, მაგალითად, ჩაკვეტაძემ ძელი შეაზანზარა, ხოლო გიორგი ქოჩორაშვილს მეკარემ აჯობა.

მეორე ტაიმი სომხეთმა უკეთ დაიწყო, რაც იმითაც შეიძლება აიხსნას, რომ საქართველოს ნაკრებმა კონცენტრაცია დაკარგა. 48-ე წუთზე ედგარ სევიკიანმა ლამაზი გოლით სხვაობა შეამცირა. სტუმრებს ცოტა ხანში მეორეს გატანაც შეეძლოთ, ბურთი ხარიხას მოხვდა. შემდეგ თამაშის სადავეები ისევ საქართველომ დაიბრუნა და გოლიც გაიტანა. 63-ე წუთზე ანრი მექვაბიშვილის შესანიშნავი პასი ხვიჩა კვარაცხელიამ გამოიყენა და მოედანი უგოლოდ არც მან დატოვა. ხვიჩამ მე-18 გოლი გაიტანა ნაკრებში, რითაც თემურ ქეცბაიას გადაასწრო და მესამე ადგილზეა, შოთა არველაძის და გიორგი მიქაუტაძის შემდეგ.

შემდეგ თამაში მოსაწყენი გახდა, სახიფათო მომენტი აღარ შექმნილა და საქართველოს ნაკრებმა 6:1 მოიგო, ორი მატჩის ჯამში - 9:1 და ერთა ლიგის 2026 წლის სეზონში ისევ B დივიზიონში ითამაშებს. მომდევნო მატჩებს ვილი სანიოლის გუნდი ივნისში გამართავს, როცა ამხანაგური შეხვედრები ელოდება, თუმცა ჯერ მეტოქეთა ვინაობა დაუზუსტებელია.

სექტემბერში მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთვება, სადაც 4 სექტემბერს თურქეთს, ხოლო 7 სექტემბერს ბულგარეთს უმასპინძლებს.

საქართველო - სომხეთი 6:1 (5:0)

თბილისი, "დინამო არენა"

საქართველო (4-3-3): მამარდაშვილი; კაკაბაძე, გოგლიჩიძე (დვალი 68), კაშია, წიტაიშვილი (გულიაშვილი 68); ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, მექვაბიშვილი; ჩაკვეტაძე, მიქაუტაძე (შენგელია 46), კვარაცხელია

გოლები: 1:0 ჰაროიანი (4, ა.გ), 2:0 მიქაუტაძე (14), 3:0 ჩაკვეტაძე (23), 4:0 კიტეიშვილი (27), 5:0 მიქაუტაძე (35), 5:1 სევიკიანი (48), 6:1 კვარაცხელია (63)


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:18 | 23.03.2025
alfadhirhaiti (7530)

უფანტაზიო შენგელია არის მაგალითი თუ როგორ შეუძლია ერთ ფეხბურთელს შეტევაში თამაში მოგვიკლას. სულ რო ღიპიანი გამოვიდეს არაბიძე, მაინც უკეთესი იქნება. ბუდუ რატო დაძუნძულებს, ვინმემ ახსნას. ფორვარდის პოზიციაზე მეორე ოპცია გულიაშვილი უნდა იყოს თუ ვინმე უკეთესი არ გამოჩნდა კიდე. იმედია საბოლოოდ მიხვდება მარცხენა მცველი რო აზაროვი უნდა იყოს.

20:05 | 23.03.2025
ს.კ.1923 დ.ბ. (2023)

ბიჭებს მადლობა! მაგრამ რომ ათამდე ამოგეტენათ უფრო მაგარი იქნებოდა

20:05 | 23.03.2025
ს.კ.1923 დ.ბ. (2023)

რომ იკ(ტ) ლ(ყ)ავდით თავს ,, გულიათვილი,,, ,, გულიათვილიო,, ჰა თქვენი გულიაშვილი, ტიპს 6:1-ზე წინ წასვლა ეშინია, სადღაც სოფელ ბოსნიის ჩემიონატში შეაგდო ბურთები და არიქა, გაუღეთ კარები ნაკრებში

20:20 | 23.03.2025
alfadhirhaiti (7530)

ბუდუთი ხო არ აღფრთოვანებულხარ?

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.119444