საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ უეფას ერთა ლიგის პლეი-ოფში სომხეთის ნაკრებთან საპასუხო მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
ქართველმა ვარსკვლავმა როგორც მომავალ მატჩზე, ისე "პარი სენ-ჟერმენში" თავის ადაპტაციაზე ისაუბრა:
პსჟ-ში ადაპტაციაზე
„პსჟ-ში ბედნიერი ვარ, როგორც საქართველოს ნაკრებში. სადაც პატივს გცემენ და კარგად გექცევიან, იქ აუცილებლად ბედნიერი ხარ და ცდილობ, რომ საუკეთესო გააკეთო".
სომხეთის ნაკრებზე
"მხითარიანთან კონტაქტი არ მქონია, მაგრამ შორიდან ვიცოდი, რომ სომხეთის ნაკრები ვითარდებოდა. ჩემი აზრით, ეს ნაკრები წინ მიდის და იმედი მაქვს, რომ მომავალში კიდევ უფრო განვითარდება და მეტი შესაძლებლობა ექნება".
"დინამო არენაზე" დაბრუნებაზე
„დინამო არენაზე“ თამაში ძალიან მოგვენატრა, იმ ისტორიული მატჩის შემდეგ ამ სტადიონზე არ გვითამაშია და ერთი სული გვაქვს, როდის გავალთ ხვალ მოედანზე. ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვბრუნდებით, გვიხარია, რადგან ეს სტადიონი ჩვენთვის ბევრს ნიშნავს, ბევრი ემოცია გადაგვხდა თავს და თითოეული ფეხბურთელისთვის სასიხარულოა აქ თამაში".
ისევ პსჟ-ს შესახებ
"პსჟ-მ ბევრი რამ მომცა: როგორც უკვე ვთქვი, ბედნიერი ვარ, ძალიან დიდ პატივს მცემენ და ეს ყველაფერი მეხმარება, რომ უფრო მეტი ვიშრომო, უფრო კონცენტრირებული ვიყო ფეხბურთზე. ძალიან დიდი გამოცდილებაა ასეთ ფეხბურთელებთან თამაში, ყოველთვის რაღაც ახალს ვსწავლობ ისეთი მწვრთნელისგან, როგორიც ლუის ენრიკეა. გუნდშიც ისეთი კარგი გარემოა, რომ რთულია თავი სხვანაირად იგრძნო. ეს ძალიან მეხმარება, რომ ჩემი მაქსიმუმი ვაჩვენო. ყველაფერი, რასაც ვხედავ, რასაც ვსწავლობ, ვცდილობ ჩემს თავს და ნაკრებს მოვახმარო".
გიორგი მიქაუტაძეზე
"ბიჭებმა ერევანში ძალიან კარგად ითამაშეს, არ არის მარტივი იქ 3:0 მოიგო. ძალიან კარგი თამაში იყო. რაც შეეხება მიქაუტაძეს, ვეხუმრე, ცოტა „ვეჩხუბე“, რატომ გამასწარი-მეთქი (ნაკრებში გოლებით - რედ), რეალობაში ჩვენ ძმებივით ვართ, ვცდილობთ, ნაკრებს დავეხმაროთ, გოლები გავიტანოთ. ერთმანეთს არ ვეჯიბრებით, იმედია, ასე გაგრძელდება, რაც მეტ გოლს გავიტანთ ერთად, ეს საქართველოს ნაკრებისთვის უკეთესი იქნება".
თავის ძმაზე, თორნიკე კვარაცხელიაზე
"ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. მას აქვს თვისებები, რომ გახდეს პროფესიონალი ფეხბურთელი. ამისთვის დიდი გზა აქვს გასავლელი, ბევრი ექნება საშრომი, ეს ყველაფერი კარგად იცის. მონდომებულია, შეიძლება ერთხელაც ერთად ვითამაშოთ, მაგრამ ეს მასზე იქნება დამოკიდებული, ფეხბურთის თამაში მარტივი ნამდვილად არაა, ბევრ დაბრკოლებას ხვდები და ამ ბარიერებს თუ გადალახავს, აუცილებლად ითამაშებს. მთავარია, გააგრძელოს შრომა და ჰქონდეს მიზანი, ოცნებები, რომ ეს ყველაფერი აიხდინოს".
იტალიაში თამაშის მნიშვნელობაზე
„პირველ რიგში, მეც მადლობას ვეტყვი იტალიას, სადაც ძალიან კარგი 3 წელი გავატარე. ჩემი აზრით, ძალიან კარგად მიდის სიტუაცია, ყველა ბავშვს უნდა, რომ ფეხბურთელი გამოვიდეს, რაც ძალიან წაგვადგება, რადგან ბევრი ტალანტი გამოჩნდება, ბავშვები, რომლებსაც უნდათ ფეხბურთის თამაში და ამისთვის იშრომებენ. საქართველოს ნაკრების ბევრი ფეხბურთელი ტოპლიგებში თამაშობს, თავის გუნდებში ლიდერები არიან, რაც მნიშვნელოვანია და ძალიან გვეხმარება. ვფიქრობ, გვაქვს ნიჭი, ოდითგანვე გვყავდა ლეგენდარული ფეხბურთელები და მომავალშიც გვეყოლება“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ერევანში, სომხეთის ნაკრები 3:0 დაამარცხა, რითაც პრაქტიკულად გაინაღდა ერთა ლიგის B დივიზიონში დარჩენა და საპასუხო შეხვედრა ფორმალობად აქცია. ეს ნაკრებები ისტორიაში სულ 8-ჯერ შეხვედრიან ერთმანეთს, საიდანაც 4 მატჩი საქართველომ მოიგო, 2 სომხეთმა, ხოლო ორჯერაც ფრე დაფიქსირდა.
საქართველო-სომხეთის მატჩი 23 მარტს, "დინამო არენაზე", 18:00 საათზე გაიმართება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
პოჩეტინო ძაან მევასება მარა პსჟში აშკარად ვერ მუშაობს კარგად