საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა უეფას ერთა ლიგის პლეი-ოფში სომხეთის ნაკრებთან საპასუხო მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
როგორც ფრანგმა სპეციალისტმა აღნიშნა, შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები იქნება, მაგრამ ძალიან ბევრი არა, რადგან საპასუხო მატჩიც მნიშვნელოვანია და მთავარი მიზანი ისევ გამარჯვებაა:
„ლოჩოშვილის ტრავმა სერიოზული არ არის, თუმცა ხვალ არ ითამაშებს, რადგან მაქსიმალურად მივცემთ გამოჯანმრთელების საშუალებას. რაც შეეხება ტაქტიკურ ცვლილებებს, ნაკლებად მოსალოდნელია, ისე ვაპირებთ მომავალში თამაშს, როგორც სომხეთთან. გურამ კაშია გვიბრუნდება, რომელიც პროფესიონალია და ტაქტიკასთან მორგება არ გაუჭირდება.
გუნდში მოტივაციის პრობლემა არ იქნება, მაგრამ შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები იქნება, სხვა ფეხბურთელებს მიეცემათ შანსი, მათ იციან, რომ გუნდში მაღალი კონკურენციაა და თუ ისინი კარგად არ ითამაშებენ და მაქსიმალურად არ დაიხარჯებიან, მომავალში მათი შანსები შემცირდება. ძალიან ბევრ პოზიციაზე არაერთი ძლიერი ფეხბურთელი მყავს და საერთოდ არ მეპარება ეჭვი მათ მოტივაციაში.
მეკარის პოზიციის მართვა მაინც ცოტა განსხვავდება დანარჩენი პოზიციებისგან, ამიტომ, გადავწყვიტე, რომ ხვალ ისევ მამარდაშვილი ითამაშებს, ხოლო შემდეგ უკვე მას ცოტა ხანგრძლივი პაუზის შესაძლებლობას მივცემთ და ივნისის ამხანაგურ მატჩებში გუგეშაშვილს მიეცემა შანსი. ლუკა ლაცაბიძე საინტერესო, ნიჭიერი ბიჭია, რომლის კარიერა ახლახან დაიწყო. მინდოდა, რომ მისი შესაძლებლობები ახლოდან მენახა, ის ძალიან თავშეკავებული ბიჭია, ბევრს მისმენს, ბევრს სწავლობს და ხვალ თუ არა, მომავალში აუცილებლად იქნება ჩვენი გუნდის ნაწილი. აქვე მინდა, ვთქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ 3:0 მოვიგეთ და აშკარა ფავორიტები ვართ, ხვალ მაინც ძალიან მნიშვნელოვანი ოფიციალური მატჩია, რომლის მოგებაც გვინდა. ამიტომ, შემადგენლობა სრულად არ შეიცვლება და მოედანზე აუცილებლად ძლიერი გუნდი გავა.
გუნდში იდეალური გარემოა და ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია წარმატებაში, ეს დაეტყო, როგორც გუნდს, ისე ინდივიდუალურად ფეხბურთელებს, გამოვყოფდი ირაკლი აზაროვს, რომელსაც გარკვეული პრობლემები ჰქონდა წარსულში, საბა გოგლიჩიძემაც ძალიან კარგად ითამაშა, ორივეს გამოვყოფ და ორივეს იმედი მაქვს სამომავლოდ.
ჩემთვის პსჟ-ში ხვიჩას წასვლით ბევრი რამ შეიცვალა, საუკეთესო ამბავი ისაა, რომ ახლა შემიძლია პსჟ-ს თამაშებს უფასოდ დავესწრო (იღიმის - რედ).
იტალია განსაკუთრებული ადგილია ფეხბურთელისთვის და ძალიან მიხარია, რომ ხვიჩამ ამ ჩემპიონატში თავისი კვალი დატოვა. ასევე, ძალიან მიხარია, რომ სხვა ქართველი ფეხბურთელებიც თამაშობენ იტალიაში და მოხარული ვიქნები თუ ეს მომავალშიც გაგრძელდება“, - თქვა სანიოლმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ერევანში, სომხეთის ნაკრები 3:0 დაამარცხა, რითაც პრაქტიკულად გაინაღდა ერთა ლიგის B დივიზიონში დარჩენა და საპასუხო შეხვედრა ფორმალობად აქცია. ეს ნაკრებები ისტორიაში სულ 8-ჯერ შეხვედრიან ერთმანეთს, საიდანაც 4 მატჩი საქართველომ მოიგო, 2 სომხეთმა, ხოლო ორჯერაც ფრე დაფიქსირდა.
საქართველო-სომხეთის მატჩი 23 მარტს, "დინამო არენაზე", 18:00 საათზე გაიმართება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია