„ნაპოლის“ გუნდის მენეჯერმა გაბრიელე ორიალიმ იტალიურ მედიას უთხრა, რომ ის და ანტონიო კონტე არ ელოდნენ, „ნაპოლის“ ასეთი კარგი სეზონი თუ ექნებოდა.
როგორც მან თქვა, საწუწუნო არაფერია და გუნდმა გადააჭარბა იმ მოლოდინს, რომელიც სეზონის წინ ჰქონდათ:
„სეზონის ბოლო ნაწილში ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ. სეზონის დასაწყისში მიზანი იყო ევროტურნირების საგზურის მოპოვება, სასურველი იყო ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა, ასე რომ, ახლა სადაც ვართ, ვერ ვიწუწუნებთ. კმაყოფილი ვართ იმით, რაც აქამდე გავაკეთეთ. იმედია, ფეხბურთელები ნაკრებებიდან კარგ მდგომარეობაში და ტრავმების გარეშე დაბრუნდებიან.
გულწრფელი უნდა ვიყო, სხვაგვარად რომ ვთქვა, მოვიტყუები: არც მე და არც კონტე არ ველოდით, რომ სატურნირო ცხრილში სეზონის დასრულებამდე 9 ტურით ადრე მეორე ადგილზე ვიქნებოდით. მუშაობა დავიწყეთ იმ იდეით, რომ კარგი სეზონი ჩაგვეტარებინა, მაგრამ ნამდვილად არ გვეგონა, რომ ამ დროისთვის ასეთი კარგი შედეგი გვექნებოდა“, - თქვა ორიალიმ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ში 29 ტურის შემდეგ მეორე ადგილზეა და ლიდერ „ინტერს“ მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება.