ეთერ ლიპარტელიანი თბილისის გრანდ სლემის გამარჯვებულია და საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს მიმდინარე შეჯიბრზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა.
57 კგ წონით კატეგორიაში ლიპარტელიანმა ფინალამდე ბრაზილიელი ბიანკა რეისი, გერმანელი პაულინ შტარკე და სერბი მარიცა პერიშიჩი დაამარცხა, ხოლო ფინალში ფრანგი მარტა ფავაზი ძალიან დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. ეთერი ვაზარით და ორი იუკოთი აგებდა, მაგრამ შემდეგ ზედიზედ მოახერხა ვაზარის და სამი იუკოს აღება, რამაც მას ფინალი მოაგებინა.
ამავე წონაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ნინო ლოლაძემ, რომელმაც ქსენია დანილოვიჩი, შუკურჯონ ამინოვა და ჯესიკა ლიმა დაამარცხა, რის შედეგადაც ნახევარფინალში გავიდა, სადაც ფრანგ მარტა ფავაზთან წააგო, თუმცა ბრინჯაოსთვის შეხვედრაში გერმანელი პაულინ შტარკე იპონით დაამარცხა და მედალს დაეუფლა.
მოგეხსენებათ, მანამდე 60 კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი თემურ ნოზაძემ მოიპოვა.
საქართველოს თბილისის გრანდ სლემზე პირველი საშეჯიბრო დღის შემდეგ სამი მედალი აქვს: ეთერ ლიპარტელიანის ოქრო, თემურ ნოზაძის ვერცხლი და ნინო ლოლაძის ბრინჯაო.