ფეხბურთი

22:55 | 20.03.2025 | ნანახია NaN - ჯერ

მიქაუტაძის დუბლი და სხვაობა კლასში: საქართველომ სომხეთის ნაკრები გაანადგურა

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის B დივიზიონში დარჩენისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა, რადგან სომხეთთან ორრაუნდიან დუელში ყველაფერი პრაქტიკულად ერევანში გადაწყდა.

ვილი სანიოლის გუნდი მეტოქეს ერთი თავით აღემატებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა კვარაცხელია და გურამ კაშია დისკვალიფიკაციის გამო ვერ თამაშობდნენ. სომხეთის ნაკრებს ქართველმა ფეხბურთელებმა მათ გარეშეც მარტივად სძლის.

მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა, როცა ოთხწუთიან ინტერვალში ორი გოლი გავიდა. ჯერ გიორგი ქოჩორაშვილმა ჩაჭრა მეტოქის პასი, შეტევა ოთარ კიტეიშვილმა გააგრძელა და ბურთი ქოჩორაშვილს დაუბრუნა, რომელმაც ზუსტად დაარტყა და ანგარიში გახსნა. ქოჩორამ ეროვნულ ნაკრებში მესამე გოლი გაიტანა, მე-18 მატჩში.

ოთხ წუთში საქართველოს ნაკრებმა უპირატესობა გაზარდა. გიორგი მამარდაშვილმა გრძელი პასი გააკეთა და გიორგი მიქაუტაძე დარჩა კარგ პოზიციაში, თუმცა, კუთხე მახვილი იყო, თითქოს, დარტყმა ნაკლებად მოსალოდნელიც გახლდათ, მაგრამ მიქაუტაძემ კიდევ ერთხელ აჩვენა ფორვარდის ინსტინქტები - 0:2. ეს მისთვის მე-17 გოლი იყო ნაკრებში, რითაც ხვიჩა კვარაცხელიას და თემურ ქეცბაიას დაეწია, მაგრამ ამის გაკეთება მათზე ნაკლებ მატჩში შეძლო. გიორგი მამარდაშვილმა კარიერაში პირველი საგოლე პასი გააკეთა, გარდა ამისა, პირველი მეკარეა, რომელმაც საქართველოს ნაკრებში საგოლე პასი მიითვალა.

მეორე ნახევარი სომხეთმა თითქოს აქტიურად დაიწყო, მაგრამ 59-ე წუთზე კონტრშეტევაზე სანიოლის შეგირდებმა მესამე გაიტანეს. მეტოქის კუთხურის შემდეგ ბურთი ქოჩორაშვილმა მოიპოვა, მიქაუტაძეს გადააწოდა, რომელმაც მეკარესთან პირისპირ გიორგი ჩაკვეტაძე დატოვა. თავის მხრივ, ჩაკვემ არ დაარტყა, მაგრამ ცარიელ კარში მიქაუტაძეს გაატანინა, რომელმაც დუბლი გაიფორმა: 18 გოლი 36 მატჩში - ასეთია მიქაუტაძის მონაგარი საქართველოს ნაკრებში, რომლის ისტორიაში მეორე ადგილზეა ბომბარდირებში, მხოლოდ შოთა არველაძეს ჩამორჩება 8 გოლით. გიორგის სულ მალე ჰეთ-თრიქის შესრულებაც შეეძლო, მეკარემ აჯობა.

ერთადერთი ნეგატიური, რაც ამ შეხვედრაში მოხდა, ლუკა ლოჩოშვილის ტრავმაა, რომელიც საკმაოდ სერიოზული ჩანს. ანგარიში კი, დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა, B დივიზიონში დარჩენისკენ მთავარი ნაბიჯი უკვე გადადგმულია. მოედანზე ორი სხვადასხვა კლასის ნაკრები იყო, ეს აშკარად გამოჩნდა.

საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების საპასუხო მატჩი 23 მარტს, თბილისში, „დინამო არენაზე“, 18:00 საათზე გაიმართება.

სომხეთი - საქართველო 0:3 (0:2)

ერევანი, ვაზგენ სარგსიანი

სომხეთი (3-5-2): ჩანჩარევიჩი; მურადიანი (ამბარცუმიანი 81), აროიანი, არუთინიანი; დაშიანი (უდო 46), მანველიანი (ბიჩახჩიანი 46), ივუ (გრიგორიანი 65), სევიკიანი, ტიკნიზიანი; მირანიანი (კალუკიანი 58), ბარსეგიანი

მწვრთნელი: ჯონ ვან ტ’სხიპი

საქართველო (4-3-3): მამარდაშვილი; კაკაბაძე, გოგლიჩიძე, ლოჩოშვილი (დვალი 70), აზაროვი (გოჩოლეიშვილი 75); კიტეიშვილი (მექვაბიშვილი 65), კვეკვესკირი, ქოჩორაშვილი; დავითაშვილი, მიქაუტაძე (ზივზივაძე 65), ჩაკვეტაძე (წიტაიშვილი 65)

მწვრთნელი: ვილი სანიოლი

გოლები: 0:1 ქოჩორაშვილი (33), 0:2 მიქაუტაძე (37), 0:3 მიქაუტაძე (59)

გაფრთხილება: კვეკვესკირი (18)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 8 (2) – 10 (5) ბურთის ფლობა: 42%-58% კუთხურები: 7:3 თამაშგარე: 2:0

მსაჯი: რადუ პეტრესკუ (რუმინეთი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.066327
სარეკლამო ადგილი - 99
X x X