საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ერთა ლიგის პლეი-აუტში სომხეთის ნაკრებთან მატჩის (3:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ლოჩოშვილის ტრავმა სერიოზული არ არის, მაგრამ საპასუხო მატჩში ის ვერ ითამაშებს. ლუკა ბოლო დროს ძალიან კარგ ფორმაში იყო. საგოლე მომენტების რეალიზაცია თავდაჯერებულობა შეგვმატა, ამან კი, მეტოქე გატეხა. ვფიქრობ, ბურთის ფლობის მაღალი პროცენტული მაჩვენებელი გვქონდა, განსაკუთრებით პირველ ნახევარში. კონტრშეტევებზე კარგი თამაშით აქამდეც გამოვირჩეოდით, პირველ ნახევარში კი უფრო პოზიციურად ვცადეთ თამაში და ეს საინტერესო იყო. რა თქმა უნდა, მეორე ნახევარში, როდესაც ბევრი ცვლილება განვახორციელეთ, თამაშის ხასიათი შეიცვალა და ტემპიც აღარ იყო ისეთი მაღალი.
საპასუხო მატჩში გარკვეული ცვლილებები იქნება. გვიბრუნდება გუნდის კაპიტანი, გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელია. როგორც ყოველთვის, ვეცდები ისეთი შემადგენლობა შევარჩიო, რომელიც საუკეთესო თამაშს აჩვენებს. უნდა ვკონცენტრირდეთ მომდევნო მატჩზე და ვეცადოთ, რომ ჩვენი შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოვაჩინოთ. შესაძლოა, სხვა ფეხბურთელების შესრულებით, თუმცა დარწმუნებული ვარ, მოთამაშეებს, რომლებიც მოედანზე გავლენ, ექნებათ სურვილი მაჩვენონ მე და მთელ ქვეყანას, რომ იმსახურებენ თამაშს.
გიორგი მიქაუტაძეს შესანიშნავი მატჩი ჰქონდა. სომხეთის ნაკრები კარგად შევისწავლეთ და ვიცოდით, რომ ისინი დიდ სივრცეებს დატოვებდნენ. მიქაუტაძეს, საკუთარი სისწრაფის ხარჯზე, ამ სივრცეების ათვისების შესაძლებლობა ექნებოდა და ეს შესაძლებლობა გამოიყენა.
დღეს, ოთხი მცცველით ვითამაშეთ და ცენტრალურ ზონაში ლოჩოშვილი-გოგლიჩიძე მოქმედებდნენ. კაშია თამაშს ტოვებდა და ვიფიქრეთ, რომ საუკეთესო დრო იყოს გარკვეული სიახლეებისთვის. კმაყოფილი ვარ გუნდის თამაშით დაცვაში. იმედი მაქვს, კვირას იგივე დონის თამაშს ვიხილავთ, თუნდაც სხვა ფეხბურთლების შესრულებით", - თქვა სანიოლმა.
შეგახსენებთ, საპასუხო მატჩი საქართველოსა და სომხეთს შორის 23 მარტს, "დინამო არენაზე", 18:00 საათზე გაიმართება. სწორედ ორრაუნდიან ბრძოლაში გამარჯვებული ითამაშებს ერთა ლიგის მომდევნო სეზონში B დივიზიონში, ხოლო დამარცხებული - C დივიზიონში.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია