NBA-ში ითამაშა გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“. ქართველი კალათბურთელის გუნდი „ჰიუსტონ როკეტსს“ შეხვდა და 108:116 დამარცხდა. აღნიშნულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ცენტრს სათამაშოდ 23 წუთი მიეცა, რომელიც კარგად გამოიყენა.
ბითაძემ თამაში სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო, თუმცა, 23:01 წუთში 19 ქულა, 8 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. მან 10-დან 8 სროლა გამოიყენა და ყველა ორქულიანი იყო. გოგამ ასევე 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.
აღსანიშნავია, რომ ქართველს თავის გუნდში მესამე შედეგი ჰქონდა. მასზე მეტი მხოლოდ ბანკერომ - 31 და ვაგნერმა - 20 ქულა ჩააგდეს.
პირველ ნახევარში თამაში თანაბრად მიმდინარეობდა, თუმცა მესამე პერიოდში მეტოქემ უპირატესობა მოიპოვა და საქმე ბოლომდე მიიყვანა. სხვაობა 16-ქულაც იყო, მაგრამ ორლანდომ მისი 8-ქულამდე დაყვანა შეძლო.
„ჰიუსტონ როკეტსი“ დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთი ლიდერია და ამ თამაშს 8-მატჩიანი მოგებით შეხვდა, ამიტომ შედეგიც ბუნებრივი იყო. მათ 45 მოგების წილ 25 მარცხი აქვთ და მეორე ადგილზე იმყოფებიან. ხოლო "ორლანდოს" 32 გამარჯვების საწინააღმდეგოდ 38 წაგება დაუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 პოზიციაზეა.
გოგა და მისი თანაგუნდელები მომდევნო შეხვედრას 22 მარტს, „ვაშინგტონ ვიზარდსის“ წინააღმდეგ ჩაატარებენ.