კალათბურთი

9:51 | 20.03.2025 | ნანახია 1020 - ჯერ

მამუკელაშვილის ფენომენალური მატჩი და ახალი ქართული რეკორდი NBA-ში! (+VIDEO)

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში სანდრო მამუკელაშვილმა ფენომენალური მატჩი ჩაატარა. ქართველმა კალათბურთელმა "ნიუ იორკ ნიქსის" წინააღმდეგ 19:47 წუთი ითამაშა და 34(!) ქულა დააგროვა, რაც ახალი ქართული რეკორდია. "სან ანტონიო სპურსმა" კი, 24 წლის ფორვარდის ბრწყინვალე თამაშის ფონზე მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და 15-ქულიანი სხვაობით - 120:105 აჯობა.

მამუკელაშვილი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, მან მეორე პერიოდში 8, ხოლო ბოლო მეოთხედში არასრული 12 წუთი ითამაშა, თუმცა, ეს მისთვის საკმარისი გამოდგა, რომ მატჩის საუკეთესო კალათბურთელი გამხდარიყო.

სანდრომ 8 წუთში 13, ხოლო ბოლო მეოთხედში 21 ქულა დააგროვა! 14-დან 13 სროლა გამოიყენა. 7-დან 7 სამქულიანი და 7-დან 6 ორქულიანი ჩააგდო, რაც იმას ნიშნავს რომ პერიმეტრიდან უშეცდომო იყო. მამუკელაშვილი NBA-ს პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც 20 წუთზე ნაკლებ დროში 34 ქულა დააგროვა.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ნაკრების წევრს ორმაგი დუბლის შესრულებაც შეეძლო, თუმცა, მხოლოდ 1 მოხსნა დააკლდა, შესაბამისად მის ანგარიშზე 34 ქულასთან ერთად, 9 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა იყო.

მამუკელაშვილმა თავისივე რეკორდი გააუმჯობესა, მან 2022 წლის აპრილში "კლივლენდ კავალიერსს" 28 ქულა ჩაუგდო. ბუნებრივია +- მაჩვენებელიც ქართველს ყველაზე მაღალი ჰქონდა +22.

"ნიუ იორკ ნიქსიდან" კი კარლ ენტონი თაუნსი გამოირჩა, რომელმაც 32 ქულა ჩააგდო.

"სასაცილო იქნებოდა იმის თქმა, რომ ეს მოსალოდნელი იყო", - თქვა "სპურსის" მოვალეობის შემსრულებელმა მწვრთნელმა მიჩ ჯონსონმა. "ისეთი შეგრძნებაა, თითქოს მას ჰქონდა რამდენიმე თამაში, სადაც ის ნამდვილად მწვერვალზე იყო."

მამუკელაშვილისთვის ეს ღამე მართლაც, რომ დაუვიწყარი იყო. მას შემდეგ, რაც მატჩის შემდეგ საჩუქრად ბურთი მიიღო, ქართველმა თქვა: „ამ ბურთთან ერთად დავიძინებ“.

სანდრო ელიტური მოთამაშეების სიაშიც ჩაეწერა და ისეთ ლეგენდებს შეუერთდა, როგორიცაა ჯეილენ ბრაუნი, კევინ ლავი და კევინ დურანტი. ეს კალათბურთელები იმ მცირერიცხოვან მოთამაშეებს წარმოადგენენ, რომლებსაც 20 წუთზე ნაკლებ დროში 30 ქულა დაუგროვებიათ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მამუკელაშვილმა ყველას აჯობა. რადგან მან ასევე მოიპოვა ყველაზე მეტი მოხსნა იმ კალათბურთელთა შორის, ვინც მსგავსი შედეგი დადო. ამრიგად, სანდროსთვის ეს ღამე მართლაც რომ ჯადოსნურია.

"სან ანტონიოს" 29 მოგების წილ 39 მარცხი აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-13 პოზიციაზეა. სანდრო და მისი თანაგუნდელები მომდევნო შეხვედრას 22 მარტს, "ფილადელფიას" წინააღმდეგ ჩაატარებენ.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.079336
249