„მონტერეის“ ფეხბურთელმა სერხიო რამოსმა მექსიკურ კარიერაში მეხუთე მატჩი ჩაატარა და პირველი წითელი ბარათი მიიღო.
მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ესპანელმა მცველმა „პუმასის“ ფეხბურთელს გილერმო მარტინესს ფეხი მოუქნია და არასპორტული საქციელისთვის გააძევეს. აღსანიშნავია, რომ შეიძლებოდა, სერხიო 32-ე წუთზე გაეგდოთ, რადგან ლიხა მაგალანს სახეში იდაყვი ჩაარტყა, მაგრამ იმ მომენტში წითელ ბარათს გადაურჩა.
„ძალიან მნიშვნელოვანი გასვლითი გამარჯვება რთულ გუნდთან. დასვენების დროა. P.S: აშკარა იყო, რომ ამ ჩემპიონატს წითელი ბარათის გარეშე ვერ დავტოვებდი“, - დაწერა სერხიომ სოციალურ ქსელში.
სამაგიეროდ, რამოსი გააკრიტიკა „პუმასის“ მთავარმა მწვრთნელმა ერფან ხუარესმა: „მისი სახელის მქონე ფეხბურთელი მაგალითი უნდა იყოს. ამ ჟესტის გამო სხვას მე-20 წუთზე გააძევებდნენ, არა 90-ე წუთზე. იდაყვი ჩაარტყა ბიჭს, რომელიც წინა დღეს ამბობდა, რომ რამოსი მისი კუმირი იყო. ეს მაწუხებს“.
„მონტერეიმ“ „პუმასი“ 3:1 დაამარცხა, ხოლო სერხიო რამოსის მექსიკური კარიერა საინტერესოდ დაიწყო: ხუთ მატჩში 3 გოლი გაიტანა და ახლა წითელი ბარათიც მიიღო.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია