ფეხბურთი

21:25 | 16.03.2025 | ნანახია 1611 - ჯერ

მიქაუტაძე: "ეს მწვრთნელის არჩევანია, როცა შანსი მაქვს, ვცდილობ, მაქსიმალურად გამოვიყენო"
"მომწონს, როცა ბოლო პასს ვაკეთებ და თანაგუნდელებს გატანაში ვეხმარები"

„ლიონის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ „ლე ავრთან“ მატჩის (4:2) შემდეგ, რომელშიც მან 13 წუთში გოლით და ორი საგოლე პასით შეძლო თავის გამოჩენა, კომენტარი გააკეთა.

როგორც გიორგიმ აღნიშნა, ცდილობს, შანსი გამოიყენოს, როცა ამის შესაძლებლობა ეძლევა და თუ რამდენ ხანს გაატარებს მოედანზე, ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია.

„რთული მატჩი იყო, ჩვენი თამაში ვერ ვითამაშეთ. მე კარგ ფორმაში ვარ, ბევრს ვმუშაობ და ყველაფერი გამოდის. უნდა მოგვეგო და ეს გავაკეთეთ. ბავშვობიდან 9 ნომერი ვარ, მაგრამ მომწონს ბოლო პასის გაკეთება და თანაგუნდელებისთვის სიამოვნების მინიჭება. ვცდილობ, ყველაფერი გავაკეთო. ვიცით, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზური უნდა მოვიპოვოთ და ვეცდებით, ევროპა ლიგაზეც ბოლომდე გასვლას, რატომაც არა? პაუზის შემდეგ ყველაფერი გართულდება, მატჩები ერთმანეთის მიყოლებით უნდა ვითამაშოთ, მაგრამ ქულები უნდა დავაგროვოთ.

ცოტა მოუთმენლად ვიყავი, მაგრამ ეს მწვრთნელის არჩევანია. როცა შანსი მაქვს, ვცდილობ, მაქსიმუმი გავაკეთო“, - თქვა მიქაუტაძემ.

შეგახსენებთ, გიორგი მიქაუტაძეს „ლიონის“ მაისურით ყველა ტურნირზე 37 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი და 8-ჯერ საგოლე პასით გამოირჩა. კონკრეტულად ტურნირებზე გიორგის სტატისტიკა ასე ნაწილდება: ლიგა 1-ში 26 მატჩი, 7 გოლი და 4 საგოლე პასი, საფრანგეთის თასზე 2 მატჩი, 2 გოლი და ევროპა ლიგაზე 9 მატჩი, 4 გოლი და 4 საგოლე პასი.

„ლიონმა“ 45 ქულა დააგროვა, მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 28 მარტს, „სტრასბურს“ ესტუმრება. მანამდე, გიორგი მიქაუტაძე საქართველოს ნაკრებში ითამაშებს სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ მატჩებში.

0.06375
1611