გიორგი მიქაუტაძე სანაკრებო პაუზას დიდებულ ფორმაში ხვდება: ბოლო სამ დღესა და ორ მატჩში მან 3 გოლი და 4 საგოლე პასი მიითვალა!
უცნაურად მოიქცა „ლიონის“ მთავარი მწვრთნელი პაულუ ფონსეკა, რომელმაც ევროპა ლიგაზე დუბლისა და 2 საგოლე პასის შემდეგ, გიორგი მიქაუტაძე ლიგა 1-ის 26-ე ტურში „ლე ავრთან“ სათადარიგო სკამზე 76 წუთის განმავლობაში დასვა...
„ლიონი“ ალექსანდრ ლაკაზეტის პენალტით დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ სტუმრებმა ორი გოლი გაიტანეს და დაწინაურდნენ. „ლიონი“ იქამდე აგებდა (1:2) და საშინლად თამაშობდა, სანამ თამაშში მიქაუტაძე არ ჩაერთო, ეს კი, მხოლოდ 77-ე წუთზე მოხდა: ყველაფერი მალევე შეიცვალა:
ერთ წუთში მიქაუტაძემ საგოლე პასი მიითვალა და მალიკ ფოფანამ წონასწორობა აღადგინა, ხოლო 82-ე წუთზე ქართველმა ფორვარდმა ძლიერი დარტყმით თავად შეაგდო და გამარჯვების გოლი გაიტანა! მოკლედ, 5 წუთიც არ დასჭირდა, რომ გოლი და ასისტი მიეთვალა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მან კიდევ ერთხელ გაატანინა თანაგუნდელს, ტიაგო ალმადას. მოკლედ, გიორგიმ ძალიან მცირე დროში გოლი და 2 საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში. „ლიონმა“ კი, 4:2 მოიგო.
აღსანიშნავია, რომ მიქაუტაძემ ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში შეცვლაზე შესვლიდან 6 გოლში მიიღო მონაწილეობა (2 გოლი, 4 ასისტი), ასეთი შედეგი კი, ლიგა 1-ში არავის აქვს.
გიორგი მიქაუტაძეს „ლიონის“ მაისურით ყველა ტურნირზე 37 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი და 8-ჯერ საგოლე პასით გამოირჩა. კონკრეტულად ტურნირებზე გიორგის სტატისტიკა ასე ნაწილდება: ლიგა 1-ში 26 მატჩი, 7 გოლი და 4 საგოლე პასი, საფრანგეთის თასზე 2 მატჩი, 2 გოლი და ევროპა ლიგაზე 9 მატჩი, 4 გოლი და 4 საგოლე პასი.
„ლიონმა“ 45 ქულა დააგროვა, მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 28 მარტს, „სტრასბურს“ ესტუმრება. მანამდე, გიორგი მიქაუტაძე საქართველოს ნაკრებში ითამაშებს სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ მატჩებში.