მადრიდის „რეალის“ მეკარე ტიბო კურტუა გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ „ატლეტიკოსა“ და „ვილიარეალთან“ მატჩებს შორის დასასვენებლად 72 საათიც არ ჰქონდათ.
სხვათა შორის, ამის გამო „რეალის“ მწვრთნელი კარლო ანჩელოტი მომავალში ბოიკოტით დაიმუქრა და არც ბელგიელი მეკარეა კმაყოფილი:
„მატჩი კარგად ვერ დავიწყეთ, მაგრამ ეს ნორმალურია, რადგან ცოტა დავისვენეთ და გაგვიჭირდა. გოლის შემდეგ კარგი რეაქცია გვქონდა, გავათანაბრეთ, წინ გავედით და შემდეგ თავი კარგად დავიცავით. „ვილიარეალი“ კარგი გუნდია, აქ თამაში ყოველთვის რთულია, ამიტომ, მნიშვნელოვანი იყო, ყველა ბოლომდე დავხარჯულიყავით.
ვითამაშებთ, როცა უნდა ვითამაშოთ და არ ვეძებთ ალიბს. მიხარია, რომ ახლა შემიძლია ლაპარაკი იმის თქმის გარეშე, რომ წავაგეთ ან ფრე ვითამაშეთ იმიტომ, რომ ვერ დავისვენეთ, თუმცა, არ არის ნორმალური, რომ ოთხშაბათს, 120 წუთის, პენალტების სერიის შემდეგ დღეს, 18:30 საათზე გვათამაშეს. მესმის, რომ ლა ლიგას არ უყვარს კალენდრის ისე შედგენა, რომ გრანდებმა ერთ დღეს ითამაშონ, მაგრამ მაგალითად, პრემიერლიგაში გუნდები, რომლებიც ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობენ, შაბათს, ერთ დღეს გადიან მოედანზე. ვფიქრობ, ეს იყო უპატივცემულობა ჩვენი გუნდის მიმართ, რადგან დღეს შეიძლებოდა, რამდენიმე ფეხბურთელს ტრავმა მიეღო. ახლა შეგვიძლია, კვირას ვუყუროთ „ატლეტიკო“-„ბარსელონას“ და ვისაუბროთ სუპერ კვირაზე...“, - თქვა კურტუამ.
შეგახსენებთ, „რეალმა“ „ვილიარეალი“ სტუმრად კილიან მბაპეს დუბლით 2:1 დაამარცხა. კარლო ანჩელოტის გუნდმა ამ მატჩამდე 72 საათზე ნაკლები დაისვენა.