ფეხბურთი

21:10 | 15.03.2025 | ნანახია 1611 - ჯერ

"ტორპედომ" ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მესამე თამაში წააგო, "დინამო" "თელავთან" ფრეს დასჯერდა

ქუთაისის „ტორპედომ“, რომელიც სეზონის წინ ბერის აზრით, მთავარი ფავორიტი იყო, ეროვნულ ლიგაში ძალიან ცუდი სტარტი აიღო და ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა.

დირკ შუსტერის გუნდი მეოთხე ტურში საკუთარ მოედანზე გორის „დილასთან“ 1:2 დამარცხდა. მატჩის დასაწყისში გუნდებმა ლამაზი გოლები გაცვალეს: ჯერ ირაკლი ბუღრიძემ დააწინაურა სტუმრები, მერე პაატა ღუდუშაურმა აღადგინა წონასწორობა.

თუმცა, გადამწყვეტი იბრაჰიმა დრამეს გოლი იყო, რომელმაც 86-ე წუთზე გაიტანა გამარჯვების გოლი და „დილამ“ სეზონში პირველი თამაში მოიგო.

გორის „დილას“ სამ მატჩში 4 ქულა აქვს, მეხუთე ადგილზეა და მომდევნო ტურში „თელავს“ შეხვდება, ხოლო „ტორპედოს“ ოთხ მატჩში მხოლოდ 3 ქულა გააჩნია, მეშვიდეა და წინ „დინამო ბათუმთან“ შეხვედრა ელოდება.

ვერ მოიგო „დინამო თბილისმაც“, რომელიც სტუმრად „თელავს“ დაუზავდა. მასპინძლები დაჩი ცნობილაძემ დააწინაურა, რასაც მე-13 წუთზე თორნიკე მორჩილაძის გაძევება მოჰყვა და „დინამოს“ თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში რიცხობრივ უმცირესობაში ყოფნა მოუწია. თუმცა, ქულა მაინც გადაარჩინა, რადგან 24-ე წუთზე მათე ვაწაძემ გაიტანა და მერე არაფერი შეცვლილა.

„დინამო თბილისს“ სამ ტურში 5 ქულა აქვს, მეოთხე საფეხურზეა და „გარეჯთან“ მატჩი ელოდება, ხოლო „თელავმა“ ოთხ მატჩში 7 ქულა მოიპოვა და მეორე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში „დილას“ დაუპირისპირდება.

„თელავი“ – „დინამო თბილისი“ 1:1 (1:1)

გოლები: 1:0 ცნობილაძე (6), 1:1 ვაწაძე (24)

„ტორპედო“ – „დილა“ 1:2 (1:1)

გოლები: 0:1 ბუღრიძე (15), 1:1 ღუდუშაური (18), 1:2 დრამე (86)

0.069792
1611