გაურკვეველია მომდევნო სეზონში „ლივერპულის“ კარს ვინ დაიცავს: ალისონი შესანიშნავ ფორმაშია და არც კლუბიდან წასვლა სურს. გუნდშია საიმედო მეორე მეკარეც, კევინ კელეჰერი, ხოლო ზაფხულში ინგლისურმა გრანდმა გიორგი მამარდაშვილში დიდი ინვესტიცია ჩადო - 35 მილიონი ევრო.
ქართველი მეკარე „ლივერპულს“ ზაფხულში უნდა შეუერთდეს, მაგრამ რას გადაწყვეტს „ლივერპული“ ჯერ კიდევ უცნობია. წერენ, რომ ქართველს კიდევ ერთი სეზონი იჯარით წასვლა შეიძლება მოუწიოს.
ამ თემას ვრცელი წერილით გამოეხმაურა Goal Italia და ამ სტატიას უცვლელად გთავაზობთ, სადაც ვკითხულობთ:
„მიუხედავად იმისა, რომ „ლივერპულმა“ მოჰამედ სალაჰი, ვირჯილ ვან დეიკი და ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი კონტრაქტის ამოწურვამდე ისე მიიყვანა, რომ ეს საკითხი ვერ მოაგვარა, მეკარის პოზიციაზე „წითლებმა“ უფრო მეტი სიფრთხილის ზომები მიიღეს და სათანადოდ მოიქცნენ. გიორგი მამარდაშვილი გასულ ზაფხულს იყიდეს და გუნდს „ვალენსიადან“ ივლისში შეუერთდება, მაგრამ ამჟამინდელი ფორმიდან გამომდინარე, ალისონი, როგორც არნე სლოტი ამბობს, მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა. არ უნდა დაგვავიწყდეს კევინ კელეჰერიც, „წითლების“ თასების გმირი და მაღალი დონის მეორე მეკარე.
რა მოხდება „ლივერპულის“ კარში მომდევნო სეზონში? ვინ იქნება შემდეგი ძირითადი მეკარე?
მამარდაშვილი - ალისონის მემკვიდრე
სულ რაღაც 24 წლის ასაკში მამარდაშვილმა სახელი გაითქვა „მესტალიაზე“ და ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრებში სენსაციური მატჩებით. დაახლოებით 30 მილიონ ევროდ ის იყო მეკარე, რომლის ტრანსფერი ნებისმიერი გუნდისთვის კარგი იქნებოდა და გულწრფელად რომ ვთქვათ, ახლაც ასეა. ამავდროულად, ახლო წარსულში ალისონი ხშირად ტრავმიანობდა, რამაც ფორმიდან მისი ამოვარდნა გამოიწვია და გააჩინა კლუბში მისი შეცვლის იდეა. იაშინის ჯილდოზე მამარდაშვილი მეშვიდე ადგილზე გავიდა, ალისონი კი, ნომინანტებს შორისაც არ იყო.
მამარდაშვილის ჩავარდნა
თუმცა, ახლანდელი სიტუაციით, მამარდაშვილი კელეჰერზე უკეთესიც არ ჩანს, რომ არაფერი ვთქვათ ალისონზე. რა თქმა უნდა, უნდა აღინიშნოს, რომ ის არ თამაშობს ტოპკლუბში, „ვალენსია“ ლა ლიგაში დასარჩენად იბრძვის, ლიგაში რიგით მეორე ყველაზე ცუდი დაცვა ჰყავს (45 გაშვებული გოლი), მაგრამ შეუძლებელია იმ ფაქტის უარყოფა, რომ მამარდაშვილის თამაშის დონე მკვეთრად დაეცა მას შემდეგ, რაც „ლივერპულში“ მისი ტრანსფერი ზაფხულში ოფიციალურად გამოცხადდა.
ალისონი მამარდაშვილზე უკეთესია
პატარა გუნდების მეკარეები თითქმის ყოველთვის უფრო დატვირთულები არიან, ვიდრე მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი გუნდების მეკარეები, რაც იმას ნიშნავს, რომ პატარა გუნდის მეკარეებს ყოველთვის სეივების მხრივ უკეთესი სტატისტიკა აქვთ, თუმცა, მამარდაშვილის შემთხვევაში ასე არ არის.
ის საშუალოდ ნაკლებ სეივს აკეთებს თამაშში, ვიდრე ალისონი (2.4 – 2.6-ის წინააღმდეგ). მოგერიებების სტატისტიკა დაუჯერებლად შემაშფოთებელია - 57.61%. ამ სეზონში, ტოპ ხუთი ლიგის იმ მეკარეებს შორის, რომლებმაც მინიმუმ 20 მატჩი ითამაშეს, მამარდაშვილი მოგერიებების პროცენტული მაჩვენებლით ბოლოდან მესამე ადგილზეა. რომ შევადაროთ, ალისონი დარტყმების 75.58%-ს იგერიებს.
მამარდაშვილმა ასევე დაუშვა სამი შეცდომა, რაც გოლებით დასრულდა. ბოლო, გასულ შაბათს, როდესაც ქართველმა „ვალიადოლიდს“ გოლი აჩუქა მას შემდეგ, რაც ბურთი ხუანმი ლატასას ჩააბარა. „ვალენსიამ“ უმარ სადიქის გოლით მაინც მოიგო, მაგრამ მამარდაშვილმა ბოდიში საჯაროდ მოიხადა.
„ვიცი, რომ ახლა არ ვარ საუკეთესო ფორმაში, მაგრამ მჯერა, რომ გამოწვევები გვაძლიერებს. ყველაფერს გავაკეთებ, რომ რაც შეიძლება მალე საუკეთესო ფორმაში დავბრუნდე“, - წერს ის სოციალურ ქსელში.
ალისონი საუდის არაბეთსა და კონტრაქტის განახლებას შორის
მამარდაშვილი, რა თქმა უნდა, საუკეთესო ფორმაში უნდა დაბრუნდეს, თუ მომდევნო სეზონში ძირითადი შემადგენლობიდან ალისონის ამოგდება სურს, თუ რა თქმა უნდა, ბრაზილიელი „ლივერპულში“ დარჩება. ალისონმა გასულ ზაფხულს თქვა, რომ საუდის არაბეთიდან ჰქონდა ზღაპრული ფინანსური შეთავაზებები, რითაც დაინტერესდა, რაც აუცილებლად აჩენს „ენფილდის“ დატოვების შესაძლებლობას, მით უფრო, თუ „ლივერპული“ პრემიერლიგას მოიგებს, რისი დიდი შანსიცაა. თუმცა, ბრაზილიელმა თავის დროზე უპირატესობა „წითლებს“ მიანიჭა:
„ღია ვარ შეთავაზებებისთვის, მაგრამ არა ამ მომენტში. „ლივერპულთან“ კონტრაქტი მაქვს და მინდა, ის ბოლომდე ამოვწურო ან ახალი გავაფორმო. თუ კლუბის ინტერესებში სხვა კლუბებთან მოლაპარაკებაა, მაშინ, ყველაფერი სხვაგვარად იქნება“, - ამბობდა ბრაზილიელი.
და კელეჰერი?
ბოლო დროს გახშირდა ჭორები, რომ „ლივერპული“ მამარდაშვილს კიდევ ერთხელ გაანათხოვრებს და ამის შანსი უფრო დიდია, ვიდრე ალისონის წასვლის, რადგან ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქართველი „ენფილდზე“ სარეზერვო მეკარის სტატუსს დათანხმდეს. ბურთი ახლა არნე სლოტს მოედანზეა, რომელმაც შაბათს ქართველი მეკარე ირიბად გააფრთხილა:
„თუ კონკურენცია არ გინდა, მაშინ „ლივერპული“ წასასვლელად საუკეთესო ადგილი არ არის“, - თქვა ნიდერლანდელმა.
და კელეჰერი? 26 წლის ირლანდიელმა კარაბაოს თასზე შოუ მოიპარა და ალბათ, იმედოვნებდა, რომ ის იქნებოდა ალისონის მემკვიდრე, სამაგიეროდ, მამარდაშვილის ტრანსფერმა შეცვალა მომავალი დინამიკა და ამიტომ, ალბათ, კელეჰერი გუნდიდან წავა.
სანამ ველოდებით, როგორ გადაჭრიან „წითლები“ მეკარის თავსატეხს, 3 ასეთი პროფილის ყოლა ნიშნავს, რომ კლუბის კარის მომავალი უსაფრთხოა“, - წერს Goal Italia.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ 2021 წლის ზაფხულში შეუერთდა და ესპანური კლუბის ძირითად შემადგენლობაში ძალიან სწრაფად დამკვიდრდა.