„ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჰანს-დიტერ ფლიკმა ტრაგიკული მოვლენის ფონზე „ბენფიკასთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩის წინ გუნდის მომზადებასთან დაკავშირებით შეკითხვას უპასუხა. შაბათს, 8 მარტს, „ბარსას“ პირველი გუნდის ექიმი კარლეს მინიარო გარსია გარდაიცვალა.
„ვფიქრობ, გუნდი კარგად უმკლავდება სიტუაციას. გუშინ პრეზიდენტი გასახდელში შევიდა და ფეხბურთელებს სიტყვით მიმართა. ეს დიდი დანაკარგია. კარლესი შესანიშნავი ადამიანი და ექიმი იყო. მისი მუშაობა ჩვენი წარმატების მნიშვნელოვანი ნაწილი გახლდათ. გვენატრება. მაგრამ გუნდს სურს მის პატივსაცემად თამაში. ჩვენ მოგებაზე ვართ ორიენტირებული. გუნდი კონცენტრირებულია, წინსვლა გვჭირდება“, - ციტირებს ფლიკის სიტყვებს AS.
შაბათს, 8 მარტს, გარსიას გარდაცვალების გამო, ესპანური პრიმერას 27-ე ტურის მატჩი „ბარსელონასა“ და „ოსასუნას“ შორის ჩაიშალა. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს შეხვედრა შესაძლოა 26 აპრილს ან 21 მაისს გაიმართოს.
„ბარსელონასა“ და „ბენფიკას“ საპასუხო მერვედფინალუი მატჩი კი დღეს, 11 მარტს გაიმართება ბარსელონაში და თბილისის დროით 21 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია