ბერგამოს „ატალანტას“ მთავარმა მწვრთნელმა ჯან პიერო გასპერინიმ „იუვენტუსთან“ გამარჯვების (4:0) შემდეგ ისაუბრა.
როგორც მან თქვა, სკუდეტოს მოგება შესაძლებელია და ბერგამოელ ხალხს აქვს უფლება, რომ ამაზე იოცნებონ:
„ფეხბურთი ასეთია, ზოგჯერ იმარჯვებ, ზოგჯერ მარცხდები. „იუვენტუსი“ ამ თამაშს ზედიზედ 5 მოგებით შეხვდა, ამ საღამოს ეს წარმოუდგენელი იყო, მაგრამ მატჩი ჩვენთვის შესანიშნავი გამოვიდა.
ნამდვილად სასიამოვნო, რომ სკუდეტოსთვის ვიბრძვით. ხალხმა უნდა იოცნებოს, ჩვენ ადამიანებს ოცნებების უფლება არ უნდა წავართვათ. ზოგჯერ შეუძლებელი რაღაც, შეიძლება შესაძლებელი გახდეს, თუ ამის მტკიცედ გჯერა. ვიცით, რომ „ინტერი“ და „ნაპოლი“ ძლიერი გუნდები არიან. კვირას „ინტერს“ ვეთამაშებით, რომელთანაც ბოლო 7 მატჩი წავაგეთ, მაგრამ ეს ზოგჯერ შეიძლება რაღაცის ნიშანიც იყოს. „ატალანტას“ 30-ე ტურში პირველი ადგილისთვის არასდროს უბრძოლია, ასე რომ, რა თქმა უნდა, ეს სასიამოვნოა“, - თქვა გასპერინიმ.
შეგახსენებთ, რომ „ატალანტა“ მესამე ადგილზეა, „ინტერს“ სამი და „ნაპოლის“ ორი ქულით ჩამორჩება, ხოლო მომდევნო ტურში სწორედ „ინტერს“ უმასპინძლებს.






