საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ბოლო მატჩი ჩაატარა და სტუმრად სერბეთთან 54:63 დამარცხდა.
ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდმა ევრობასკეტზე თამაშის უფლება წინა ტურში დანიასთან გამარჯვებით მოიპოვა, ხოლო სერბეთსაც ეს საგზური განაღდებული ჰქონდა. შესაბამისად, ეს მატჩი სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით არაფერს წყვეტდა, ჯგუფში პოზიციებიც ვერ შეიცვლებოდა.
ამიტომ, საქართველო სერბეთს ძალიან გადახალისებული შემადგენლობით ეწვია, გიორგი შერმადინი და თორნიკე შენგელია არ იყვნენ გუნდთან ერთად, კამარ ბოლდუინს ტრავმა აქვს.
მეტოქეც შესუსტებული შემადგენლობით იყო, მაგრამ მაღალი დონის კალათბურთელების ნაკლებობას სერბეთი არ განიცდის.
საქართველოს ნაკრებმა ღირსეულად ითამაშა, პირველი ტაიმი მოიგო კიდეც 4 ქულით. თუმცა, მეორე ნახევარში სერბები დაეუფლნენ უპირატესობას და საბოლოოდ, 9 ქულის სხვაობით, 63:54 მოიგეს.
საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი ბექა ბურჯანაძე იყო, რომელმაც 17 ქულა ჩააგდო, 12-12 ქულა მიითვალეს დუდა სანაძემ და გიორგი კორსანტიამ, ხოლო 10 ქულით რატი ანდრონიკაშვილი გამოირჩა. 2 ქულა ჰქონდა სანდრო სანაძეს, რომლის დებიუტი შედგა და 1 ქულა გიორგი ოჩხიკიძეს. საქართველოს ნაკრებში დებიუტი 16 წლის მათე ხატიაშვილსაც.
ჯგუფში სერბეთმა 6 მოგებით პირველი ადგილი დაიკავა, საქართველომ მეორე (3-3), ფინეთმა მესამე (2-4) და დანიამ - მეოთხე (1-5).
ევრობასკეტი ოთხ ქვეყანაში, ლატვიაში, პოლონეთში, კვიპროსსა და ფინეთში 27 აგვისტოდან 14 სექტემბრამდე გაიმართება. წილისყრა 27 მარტს ჩატარდება და გაირკვევა საქართველოს ნაკრების მეტოქეები და ქვეყანაც, სადაც ითამაშებს.
სერბეთი - საქართველო 63:54 (13:17, 14:14, 17:10, 19:10)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რა ანგარიშით დამთავრდა ბოლო-ბოლო?მეოთხედების მიხედვით რომ დათვალო 12 ქულით აქვს მოგებული სერბეთს!!!საქართველოს ნაკრებს სამი ქულა აკლია,ლონდარიძეს მაგ სამ ქულასაც აკლებთ,თუ მაქაც ვერ ჩააგდო???