საფრანგეთის ლიგა 1-ის 23-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ „ლიონი“ დიდებულ, სანახაობრივ მატჩში 3:2 დაამარცხა, ორივე ქართველი გამორჩეული იყო და საგოლე პასები მიითვალეს.
კვარამ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და მოედანზე 68-ე წუთამდე იყო. პირველ ტაიმში „ლიონს“ ხვიჩას შეჩერება ძალიან უჭირდა. მან უსმან დემბელე გაიყვანა დასარტყმელ პოზიციაზე, მაგრამ მასპინძლები მცველმა იხსნა. შემდეგ ქართველმა რამდენიმე მცველი მოატყუა და დარტყმა ოდნავ არაზუსტი გამოდგა. საბოლოოდ, ტაიმი უგოლოდ დასრულდა.
მეორე ნახევარში, საწყის 14 წუთში პსჟ-მ ორჯერ გაიტანა. ანგარიში აშრაფ ჰაკიმიმ გახსნა, ხოლო მერე უსმან დემბელემ შეაგდო ულამაზესი გოლი, საგოლე პასი კვარას აქტივში იყო. თუმცა, დემბელემ იმდენად მაგარი გოლი გაიტანა, ეს პასი უფრო სტატისტიკურია. ლუის ენრიკემ კვარაცხელია 68-ე წუთზე ლუკა ერნანდესით შეცვალა.
„ლიონის“ მწვრთნელმა პაულუ ფონსეკამ გიორგი მიქაუტაძე თამაშში მხოლოდ მე-80 წუთზე ჩართო და „ლიონიც“ ამის შემდეგ გაცოცხლდა! 3 წუთში მიქაუტაძემ საგოლე პასი გააკეთა, თანაც, დიდებული პასი, რის შემდგომაც, რაიან შერკის გატანის მეტი რაღა დარჩენოდა - 1:2.
პსჟ-მ ორ წუთში გააორმაგა სხვაობა, ჰაკიმიმ დუბლი შეასრულა. 89-ე წუთზე მიქაუტაძეს შედევრამდე ცოტა დააკლდა: ძალიან ეფექტური, ულამაზესი მაკრატელა დაარტყა და ჯანლუიჯი დონარუმამ უშველა „პარი სენ-ჟერმენს“... დაუვიწყარი გოლი იქნებოდა.
92-ე წუთზე კორენტინ ტოლისომ შეამცირა სხვაობა და დარჩენილ დროში „ლიონი“ უტევდა, მიქაუტაძეს კიდევ ჰქონდა შანსი, ამჯერად მისი დარტყმა მცველებმა დაბლოკეს და საბოლოოდ, პსჟ-მ 3:2 მოიგო.
ლიგა 1-ის ვერსიით, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია გახდა.
კვარაცხელიას პსჟ-ს მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 9 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 3-ჯერ საგოლე პასი მიითვალა. კონკრეტულად ლიგა 1-ში კი - 6 თამაში, 1 გოლი და 2 საგოლე პასი.
გიორგი მიქაუტაძემ „ლიონის“ მაისურით ყველა ტურნირზე 32 მატჩში 10 გოლი და 3 საგოლე პასი მიითვალა, კონკრეტულად ლიგა 1-ში კი - 23 თამაში, 6 გოლი და 2 საგოლე პასი.
პსჟ ლიგა 1-ს 23 ტურის შემდეგ 59 ქულით ლიდერობს და 13 ქულით უსწრებს „მარსელს“, ასე რომ, ჩემპიონობა მხოლოდ დროის საკითხია. ლუის ენრიკეს გუნდი მომდევნო ტურში 1-ელ მარტს „ლილს“ უმასპინძლებს.
„ლიონი“ 36 ქულით მეექვსე ადგილზეა და მომდევნო ტურში 2 მარტს, „ბრესტს“ შინ დაუპირისპირდება.