„ლიონის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ „მონპელიესთან“ გოლის და მატჩის (4:1) შემდეგ ისაუბრა.
როგორც ქართველმა ფეხბურთელმა თქვა, გულით ითამაშეს, რამაც შედეგი გამოიღო:
„როდესაც გასახდელში დავბრუნდით, მწვრთნელმა გვითხრა, რომ მეტი მონდომება გამოგვეჩინა, ჩვენ ეს გავაკეთეთ. გვითხრა, ნიჭი გვაქვს, გულით ითამაშეთო და ამან შედეგი გამოიღო. ახლა, პსჟ-სთან მატჩისთვის კარგად უნდა მოვემზადოთ“, - თქვა მიქაუტაძემ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძეს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 31 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი და გუნდის საუკეთესო ბომბარდირია. გოლების რაოდენობა ნაწილდება - ლიგა 1-ში 6, საფრანგეთის თასზე 2 და ევროპა ლიგაზე - 2.
„ლიონი“ ლიგა 1-ში 36 ქულით მეხუთე ადგილზეა, 23 თებერვალს კი, „პარი სენ-ჟერმენს“ შინ დაუპირისპირდება, შესაბამისად, მიქაუტაძე და კვარაცხელია ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშებენ, კარიერაში პირველად.