ფეხბურთი

0:09 | 13.02.2025 | ნანახია NaN - ჯერ

დეკუ: "ბარსელონას" არ შეუძლია "სიტივით" 200 მილიონი დახარჯოს"

„ბარსელონას“ სპორტულმა დირექტორმა დეკუმ კლუბში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა.

მან კომენტარი გააკეთა რონალდ არაუხოზე, რომელმაც კონტრაქტი გაახანგრძლივა, ასევე აღნიშნა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონა“ ფავორიტი არაა. დეკუმ ისაუბრა „ბარსას“ სატრანსფერო გეგმებზეც:

„არ შეიძლება გუნდში უკმაყოფილო ფეხბურთელი გყავდეს, საბოლოოდ, გუნდისთვის ეს პრობლემაა. არის შემთხვევები, როცა არ თამაშობ და სიტუაციის მართვა რთულია. არაუხოს ვესაუბრეთ და გვითხრა, რომ აქ ბედნიერია. თუ რაღაც შეიცვლება, გვეტყვის, მაგრამ არ მგონია, ეს მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში არ განაახლებდა კონტრაქტს. ვფიქრობ, ის აქ მრავალი წლის განმავლობაში დარჩება.

ახლა ნაკლებად ვნერვიულობთ ფეხბურთელების შეძენაზე. არის ქვეყნები, სადაც კონტროლი ნაკლები. იანვარში „მანჩესტერ სიტიმ“ 200 მილიონი დახარჯა. დღეს, ჩვენ ამის საშუალება არ გვაქვს და არც გვჭირდება 4-5 ფეხბურთელის შეძენა. სამი წლის წინ ვიყიდეთ ფეხბურთელები, რომლებიც ახლა შედეგს იძლევიან, მაშინ ისინი ძალიან ახალგაზრდები იყვნენ, მაგრამ ახლა ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან, პედრი, გავი და არაუხო. ბედნიერი ვართ, რადგან ნაკლები საზრუნავი გვაქვს, ვიდრე ადრე.

არ მგონია, ჩემპიონთა ლიგაზე ფავორიტები ვიყოთ. ფავორიტობისთვის საჭიროა მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში მრავალი წლის განმავლობაში თამაშობდე, ჩვენს შემთხვევაში კი, ასე არაა. ამ სეზონში ნაბიჯი გაუმჯობესებისკენ უნდა გადავდგათ. რამდენადაც კარგად არ უნდა ვითამაშოთ, „ბარსელონა“ ფავორიტი არაა“, - თქვა დეკუმ.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.064709