რაგბი

22:44 | 3.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგა | რეგულარული სეზონი ‘აიამ’ მოიგო

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფის რეგულარულ სეზონში ‘აიამ’ იპირველა. ფინალამდე, 1-მატჩა „ოქროს“ პლეი ოფის ყველა ეტაპზე ზურა ზვიადაძის შეგირდები მოედნის უპირატესობით ისარგებლებენ. ბრინჯაოს მედლისა და სატიტულო შეხვედრათა ლოკაციას კი რაგბის კავშირი მოგვიანებით განსაზღვრავს.

ჯგუფურ ეტაპზე რიონისპირელებმა 12 შეხვედრა მოიგეს, 58 ქულა დააგროვეს და ცხრილის სათავეს დასკვნით ტურში პრინციპულ მეტოქე ‘ლელოს’ ძლევის შედეგად დაუბრუნდნენ. აღსანიშნავია, რომ დიდ დიღმელთა და რიონისპირელთა გზები ფინალამდე არ გადაიკვეთება. ‘ლელომ’ და ‘ხვამლმა’ 56-56 ქულას მოუყარეს თავი, თუმცა უკეთესმა პირისპირ ბალანსმა ჩემპიონი მეორე ადგილზე განათავსა. მოწინავე კვარტეტი კი ‘არმიამ’ შეავსო.

უფროსი ასაკის ჭაბუკთა ელიტას, აუტსაიდერ ‘ბათუმის’ კვალ ‘ლოკომოტივი’ გამოეთხოვა. მე-5 პოზიციაზე რუსთავის ‘ხარები’ გავიდა, პლეი ოფის დასკვნითი მონაწილე კი მეექვსე ადგილზე გასული ბოლნისის ‘ყოჩები’ გახდა. საჩემპიონო პლეი ოფში ელიტის ექვსეულს „ვერცხლის“ ლიგის 2 წარმატებული გუნდი ‘წიქარა’ და თელავის ‘ჭადარი-ვეფხვები’ შეურთდა.

‘წიქარამ’ „ვერცხლის“ ლიგაში პირველი ადგილი დაიკავა და პლეი ოფის პირველ ეტაპზე ჩემპიონ ‘ლელოს’ მესამე მასივში დაუპირისპირდება, თელაველებს კი რკენა ვიცე-ჩემპიონ ‘აიასთან’ ქუთაისში მოუწევთ. აღსანიშნავია, რომ პლეი ოფში ნაჩვენები შედეგის მიუხედავად, ‘წიქარამ’ და ‘ჭადარი-ვეფხვებმა’ მომავალ სეზონში „ოქროს“ ჯგუფში ასპარეზობა გაინაღდეს. პლეი ოფის პირველ რაუნდში ‘ხვამლი’ საკუთარ არენაზე ‘ყოჩებს’ დაუხვდება, ‘არმია’ კი დედაქალაქში ‘ხარებს’ უმასპინძლებს. 1/4-ური ეტაპის შეხვედრები მომავალ უქმეებზე გაიმართება.

რეგულარული სეზონის გამარჯვებულს ‘ლელო’-‘აიას’ დაპირისპირება არკვევდა. ჯგუფური ეტაპის საკულტო შეხვედრა მესამე მასივში გაიმართა. განსხვავებული სათამაშო სტილის მქონე პრინციპულ მეტოქეთა შეხვედრა მეტად დაძაბული და კარგი საცქერი გამოდგა. ‘ლელო’ ტრადიციულად აქცენტს დომინანტურ ბოჭვებსა და სწრაფ ხელდახელ თამაშზე აკეთებდა, რიონისპირელები კი უპირატესობის მოპოვებას სტატიკის ხარჯზე ცდილობდნენ.

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონმა სამატჩო მღელვარებისგან შეხვედრის მიწურულამდე განთავისუფლება ვერ მოახერხა, რაც არაერთ თერნოვერსა და ოვალის წინ ვარდნაში აისახა. ‘აია’ კი ორგანიზებულად, მწყობრად მოქმედებდა, დაცვაში საიმედოდ ირჯებოდა და ეფექტურ „ბოქს კიკებთან“ ერთად დერეფანშიც უკეთ გამოიყურებოდა. პირველ ნახევარში ‘ლელოს’ მგეზავ გიგი სირბილაძის გატანილ ეულ ჯარიმას სტუმრებმა 2 გარდასახული ლელო დაუპირისპირეს. მარბიელ ლუკა ნარსიასა და მღლეტელ გიორგი ტორაძის გატანილი ლელოები რიონისპირელთა მგეზავმა გოგა უშვერიძემ გარდასახა.

მეორე ნახევარში შეხვედრის სურათი დიდად არ შეცვლილა. ‘ლელომ’ ფრთა ივა კვირიაშვილის გარდაუსახავი ლელოთი ანგარიშში ჩამორჩენა 6-ქულამდე შეამცირა, თუმცა დარჩენილ დროში გოგა უშვერიძემ ჯარიმა გაიტანა და თან თანაგუნდელი მარბიელი კაპიტნის ლუკა გაბუნიას დადებული ლელოც გარდასახა. ‘აიამ’ ჩემპიონს სეზონის მეორე შეხვედრაც მოუგო - 24:8.

„ხვამლი არენაზე“, ‘ხვამლს’ აუტსაიდერ ‘ბათუმთან’ პრობლემები არ შექმნია. მასპინძლები ლაღად, სწრაფად მოქმედებდნენ და მეტოქეს კომბინაციურ სტილში 9-ით მეტი, 12 ლელო დაუდეს. ‘ხვამლის’ წარმატებას საფუძველი ბურჯ ომარ ძამაშვილის გატანილმა ლელომ ჩაუყარა, რასაც შემდგომში ფულბეკ გივი სოსელიას, ფრთა ლუკა კაპანაძისა და შუამარბ ნიკა ქადაგიშვილის შესრულებული „დუბლი“ მოჰყვა. ‘ხვამლმა’ მატჩი დაგეგმილი პრემიალური ქულით მოიგო - 76:17.

‘არმიამ’, „ხარები არენაზე“ მეტად მოტივირებულ მასპინძელ ‘ხარებთან’ შემადგენლობაც და ძალებიც დაზოგა. „არმიელებს“ კარგა ხანია მე-4 ადგილი დაბევებული ქონდათ, ქვემო ქართლელებს კი პლეი ოფში მოსახვედრად და ელიტაში დასარჩენად ხელს მხოლოდ გამარჯვება აძლევდათ. შერეული შემადგენლობის მყოლ მეტოქეს ‘ხარებმა’ ტაიმებში 3-3 უპასუხო ლელო გაუნაწილა და მატჩი „მშრალი“ ანგარიშითა და პრემიალური ქულით მოიგო - 40:0.

მგეზავ ვაჟა ბალახაშვილის დადებული ლელოთი ‘ხარები’ მატჩის დებიუტში დაწინაურდა, რასაც პირველივე ტაიმში მასპინძელთა შუამარბ დავით მაკოევის „დუბლი“ მოჰყვა. გიორგი ზირაქაშვილის გუნდმა მეორე ტაიმში უპირატესობა ფრთა გიორგი ქარუმიძის, მარბიელ გიორგი ზაზაძისა და მხტომელ ნიკა გოგიშვილის გატანილი ლელოებით გაიმყარა.

პლეი ოფის დასკვნით მონაწილეს ‘ლოკომოტივის’ ბაზაზე, ‘ლოკომოტივისა’ და ბოლნისის ‘ყოჩების’ შეხვედრა არკვევდა. მატჩი უაღრესად დაძაბული და თვალსასეირო გამოდგა. მართალია, „რკინიგზელებმა“ მეტოქეზე 1-ით მეტი, 5 ლელო გაიტანეს თუმცა საწადელს ვერ მიაღწიეს. პლეი ოფის დასკვნითი მონაწილე, ელიტაში დამრჩენი და „ვერცხლის“ ლიგაში დაქვეითებული მატჩის ბოლო წუთზე ‘ლოკომოტივის’ გაცუდებულმა გარდასახვამ გამოავლინა.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, რომლის დასკვნით მონაკვეთში ‘ყოჩები’ ჰავბეკი კაპიტნის ნიკა გოცაძის გარდასახული ლელოთი 5 ქულით დაწინაურდა. ‘ლოკომოტივმა’ ბოლო წუთზე მოახერხა მორიგი ლელოს გატანა და ანგარიშის გათანაბრება. თავი „რკინიგზელთა“ ფულბეკმა ლადო ქობელაშვილმა გამოიჩინა, თუმცა ‘ლოკომოტივის’ მგეზავ ლუკა დემურაშვილს მახვილი კუთხიდან გამარჯვების მომტან ზუსტ გარდასახვამდე სანტიმეტრები დააკლდა. დრამატულ შეხვედრაში სეზონის პირველი ფრე დაფიქსირდა - 31:31, რითაც ‘ყოჩებმა’ ცხრილში ‘ლოკომოტივს’ 1 ქულით გაუსწრეს, საჩემპიონო პლეი ოფში მოხვდნენ და თან მომავალ სეზონში ელიტაში ადგილიც შეინარჩუნეს.

RUGBY.GE

0.114196