crocobet დიდი 10-ის მე-11 ტურის შეხვედრაში, საქართველოს ჩემპიონმა ქუთაისის ‘აიამ’ სამცხე-ჯავახეთის ‘ტაო’ 30:17 დაამარცხა და ლიდერობასთან ერთად გარდამავალი „სარბიელის სინიც“ შეინარჩუნა.
ნომინალური მასპინძელი ‘ტაო’ იყო, მაგრამ ამინდის გამო ის საშინაო შეხვედრებს ასპინძაში ვერ ატარებს, ლიდერსაც რუსთავში, „ხარები არენაზე“ დაუხვდა. თამაში სანახაობრივი გამოდგა და სტადიონზე მისულმა მცირერიცხოვანმა გულშემატკივარმა რამდენიმე ლამაზი ლელოთი ისიამოვნა.
მატჩის დებიუტში სამცხე-ჯავახეთელები დაჯარიმდნენ და ელგუჯა მახარეიშვილმა დაახლოებით 37 მეტრიდან ანგარიში გახსნა. მე-9 წუთზე ‘აიამ’ უკეთესი პოზიციიდან ლელოზე თამაში არჩია, დერეფნიდან აგორებულ მოლს ილია გაბისონია მოწყდა და მიზნამდე ცოტა დააკლდა, საქმეში ფორვარდები ჩაერთვნენ და ძალისმიერი ლელო ჯიუტა მბატირერენგამ მიითვალა, მახარეიშვილმა კი გარდასახა.
თამაში რომ განახლდა ‘ტაომ’ პირველი ბურთი მოიგო, რეზი ბროძელმა ხაზი სუფთად გაჭრა, კარგად იარა და მარჯვენა ფრთაზე ლელოში საბა ნიკოლაშვილი დაგეზა, რომელმაც ალამთან ბურთი ნახტომში დაამიწა. რთული პოზიციიდან გარდასახვა ძელს მოხვდა. სტუმრები ინიციატივას დაეუფლნენ და ხელდახელ შეტევით ლამაზი ლელო გაიტანეს, მაგრამ ვიდეო-რეფერიმ წესის დარღვევა დააფიქსირა. ტაიმის შუაში ‘აიას’ უპირატესობა მახარეიშვილმა 28 მეტრიდან გატანილი ჯარიმით გაზარდა, 23-ე წუთზე კი ბურთი ფრთაზე სწრაფად ჩაათამაშა ტიმოთი მბოლამ 5 ქულა მიითვალა.
32-ე წუთზე სტუმართა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, რადგან ცინიკური ჯარიმისთვის მოედანი 10 წუთით რატუ მელი ტურანგათამ დატოვა. ‘აიას’ იქვე შეეძლო უპირატესობის გაზრდა, თუმცა ნოდარ დოლიძის ფეხით გადაკიდებული ბურთი ოთარ მეტრეველისთვის არასასურველი ტრაექტორიით ახტა და მოედანი დატოვა. 35-ე წუთზე კაცნაკლულმა ‘ტაომ’ ძალიან კარგი შეტევა განახორციელა. მას საფუძველი ცენტრმა ოთარ მეტრეველმა ჩაუყარა, ფაზები აიკინძა და გოშა შკინინის საუცხოო, შებრუნებული გადაცემის შემდეგ ლელო გიორგი ნავროზაშვილმა მიითვალა, გარდასახვა კი საბა ნიკოლაშვილმა შეასრულა - 12:18.
თამაში ორმხრივი, ხელდახელ შეტევებით განახლდა, თუმცა ‘აია’ მალევე დაეუფლა უპირატესობას და ანგარიშში სხვაობა გაზარდა. 52-ე წუთზე თემურ კოხოძემ ხაზი ფრთაზე გაჭრა, მას კარგად მიყვა მახარეიშვილი, ოფლოუდი შეირგო და ლელო ძელებსშუა გაიტანა. 62-ე წუთზე სტუმართა მოლი გიორგი სინაურიძის 5 ქულით დასრულდა და ‘აია’ 18 ქულით დაწინაურდა, მაგრამ ქუთაისელებმა მალევე შეცდომა დაუშვეს, ‘ტაომ’ 5-მეტრიანი შერკინებიდან მოკლე ფრთაზე შეუტია, სადაც ნავროზაშვილმა მცველი ცრუმოძრაობით ჩამოიცილა და ლელო ალამთან გაიტანა.
დარჩენილ დროში მესხები უპირატესობას ფლობდნენ, ლამაზ სტილში უტევდნენ და არაერთ ეპიზოდში ლელოს გატანასთან ძალიან ახლოს იყვნენ, მაგრამ შეცდომები დაუშვეს და ნუგეშ-ქულის აღების შანსი ხელიდან გაუშვეს. ‘აიამ’ 30:17 გაიმარჯვა, 49 ქულით ლიდერობა გაიმყარა და მდევარ ‘არესს’ 6 ქულით გაუსწრო. ‘ტაო’ ბოლოსწინა მე-9 ადგილზე რჩება და ‘ყოჩებს’ 8 ქულით უსწრებს, ‘ლელოს’ კი ორით ჩამორჩება. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ‘აიას’ ბურჯი გიორგი ქიმუცაძე გახდა.
RUGBY.GE