ფეხბურთი

3:50 | 3.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

კლაუდიო რანიერი: "გოგლიჩიძე? "რომაში" არ მოდის, ინფორმაცია ცუდად დაგიდასტურეს"
"რომაში" ქართველი მცველის ტრანსფერი სავარაუდოდ ჩაიშალა

„ემპოლისა“ და „რომას“ შორის საბა გოგლიჩიძის ტრანსფერზე მოლაპარაკებები შეწყდა, მხარეებს შორის კონტრაქტი აღარ არის. აღნიშნული ინფორმაცია მატეო მორეტომ გაავრცელა.

მხარეები ძალიან ახლოს იყვნენ შეთანხმებასთან, თუმცა, ბოლო მომენტში ყველაფერი გართულდა და როგორც ჩანს, „რომაში“ ქართველი მცველის ტრანსფერი არ შედგება.

ინფორმაცია დაადასტურა კლაუდიო რანიერიმაც. „რომას“ მთავარმა მწვრთნელმა „ნაპოლისთან“ მატჩის შემდეგ მთელი სერიოზულობით და პირდაპირ თქვა: „ინფორმაცია, რომ გოგლიჩიძე ჩვენთან მოდის, ცუდად დაგიდასტურეს, არ მოდის“.

მხოლოდ ეს იყო გამოცდილი სპეციალისტის პასუხი, რომელიც არ გამოირჩევა მედიის წინაშე ტყუილებით. ასე რომ, სავარაუდოდ, გარიგება ჩაიშალა.

იტალიელი ჟურნალისტი ალფრედო პედულა იტყობინება, რომ მთელი დღის განმავლობაში მოლაპარაკებები კარგად მიდიოდა, მაგრამ მხარეებს შეფერხებები ჰქონდათ ტრანსფერის ფორმულასა (იჯარა გამოსყიდვის ვალდებულებით) და ბონუსებზე. პედულა იმასაც წერს, რომ „ემპოლისთვის“ კოშმარული დღე იყო, რადგან „იუვენტუსთან“ 1:4 წააგო, „ლაციოში“ იაკოპო ფაცინის და „რომაში“ საბა გოგლიჩიძის გაყიდვა ვერ შეძლო. თუმცა, პედულა იქვე წერს, რომ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს გოგლიჩიძისთვის ბრძოლაში შეიძლება სხვა კლუბები დაბრუნდნენ.

სავარაუდოდ, მან „იუვენტუსი“, „ატალანტა“ და „მილანი“ იგულისხმა, რომლებსაც საბას აქტიურად უკავშირებდნენ.

შეგახსენებთ, რომ საბა გოგლიჩიძე „ემპოლიში“ 2024 წლის იანვრიდან თამაშობს, რომლის რიგებში 20 მატჩი აქვს ჩატარებული.

0.117749