„კარლსრუეში“ ბუდუ ზივზივაძის შეცვლა ვერ მოახერხეს და ქართველი ფეხბურთელის გარეშე გერმანული კლუბი კრიზისშია.
მართალია, „კარლსრუემ“ ბუდუს ნაცვლად სწორედ „ჰაიდენჰაიმიდან“ მიკელ კაუფმანი დაიბრუნა, რომელმაც სამ თამაშში 1 გოლი გაიტანა, მაგრამ კრისტიან აიხნერის გუნდისთვის ბუდუ სხვა ძალა იყო.
II ბუნდესლიგის მე-20 ტურში „კარლსრუე“ ზედიზედ მესამე მარცხისგან მარვინ ვანიცეკმა იხსნა, რომელმაც „ელვერსბერგთან“ ბოლო 15 წუთში დუბლი შეასრულა და გუნდს ქულა გადაურჩინა (2:2). მატჩის შემდეგ „კარლსრუეს“ კაპიტანმა ზივზივაძის დანაკლისზე გერმანულ მედიასთან ღიად ისაუბრა:
„რა თქმა უნდა, ყველას იმედი გვქონდა, რომ ნებისმიერ ფასად ბუდუს შევინარჩუნებდით. მისი წასვლა გუნდისთვის მტკივნეულია. ზივზივაძის წასვლამ ერთგვარად ბუნდესლიგაში გადასვლის შანსი წაგვართვა, რადგან ის უბრალოდ ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელია, რომელსაც შეუძლია გოლი გაიტანოს, თუ თამაშში მხოლოდ ორი შანსი მაინც ექნება. რა თქმა უნდა, მისი დაკარგვა მტკივნეულია”, - თქვა ვანიცეკმა.
ზამთრის პაუზის და ზივზივაძის გუნდიდან წასვლის შემდეგ „კარლსრუემ“ სამ ტურში მხოლოდ 1 ქულა მოიპოვა, შედეგად, სატურნირო ცხრილში მერვე ადგილამდე დაქვეითდა.
ბუდუ ზივზივაძე II ბუნდესლიგიდან რომ წავიდა, 12 გოლით საუკეთესო ბომბარდირი იყო, ახლა მეორე ადგილზეა და „შალკეს“ ფორვარდმა მუსა სილამ ერთი გოლით გაუსწრო. მოგეხსენებათ, ქართველი „ჰაიდენჰაიმს“ შეუერთდა, სადაც ოთხ მატჩში მხოლოდ 1 სგოლე პასით გამოირჩა.