ფეხბურთი

10:26 | 1.02.2025 | ნანახია NaN - ჯერ

ავთანდილ ასათიანი: "მოგება კარგია, მაგრამ ეიფორიაში არ უნდა ჩავვარდეთ, შეცდომები გვქონდა"

საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა ევროპის ჩემპიონატის მეინ-რაუნდში ბულგარეთთან გამარჯვების (6:1) შემდეგ ისაუბრა.

როგორც მან თქვა, მოგება კარგია და მოტივაციის მომცემი, მაგრამ ეიფორიაში არ უნდა ჩავარდნენ.

„დიდი მადლობა გულშემატკივარს, მათგან ძალიან დიდი მუხტი მოდიოდა, რაც ბიჭებსაც გადაედოთ. კარგია მოგება, დიდი მოტივაცია მივიღეთ მომდევნო მატჩისთვის, რამდენიმე დღეში ბულგარეთს უკვე გასვლაზე ვეთამაშებით, ამიტომ ამ მოგებით ეიფორიაში არ უნდა ჩავვარდეთ. სწორი ანალიზია საჭირო, რაღაც შეცდომები იყო, რაც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. მადლობა ბიჭებს კარგი თამაშისთვის და ვფიქრობ, ვიმსახურებთ, რომ ამ დროისთვის 6 ქულა გვაქვს“, - თქვა ასათიანმა.

გარდა ამისა კომენტარი გააკეთეს ფეხბურთელებმა ვახტანგ ჯვარაშვილმა და ბექა ტყემალაძემ.

ვახტანგ ჯვარაშვილი: „საკმაოდ კარგი თამაში გამოვიდა, ბევრი გოლი გავიტანეთ, ერთმანეთზე ლამაზი. ვისურვებდი, უფრო მეტი ხალხი მოვიდეს, დაინტერესდეს ამ სპორტით, რადგან საკმაოდ სანახაობრივია. ყველას ვულოცავ ამ გამარჯვებას“.

ბექა ტყემალაძე: „ნაკრებში თამაში ყოველთვის ძალიან ემოციური და სასიხარულოა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გოლი გავიტანე. ახლა უკვე კონცენტრაცია მომდევნო თამაშზე უნდა მოვახდინოთ, რომელიც მალე ბულგარეთში გველოდება, სადაც აუცილებლად ისევ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები სამი ტურის შემდეგ 6 ქულით ჯგუფში მეორე ადგილზეა. საქართველო მომდევნო მატჩს 4 თებერვალს, სტუმრად ბულგარეთთან გამართავს, ბოლო სანაკრებო ფანჯარა კი, აპრილში იქნება.

ევროპის 2026 წლის ჩემპიონატზე მეინ-რაუნდის ჯგუფების ყველა გამარჯვებული მოიპოვებს, ხოლო საუკეთესო 8 მეორეადგილოსანი ბრძოლას პლეი-ოფში გააგრძელებს.

0.070828