„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ლიგა 1-ის მე-20 ტურში „ბრესტთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. ესპანელმა სპეციალისტმა ჩემპიონთა ლიგის წილისყრაც შეაფასა, სადაც პსჟ-ს მეტოქედ სწორედ „ბრესტი“ ერგო.
ასე რომ, ეს გუნდები სამ კვირაზე ნაკლებ დროში ერთმანეთს სამჯერ შეხვდებიან.
„ლიგა 1 და ჩემპიონთა ლიგა ორი განსხვავებული ტურნირია. დადებითი მხარე ის არის, რომ აუცილებლად იქნება ფრანგული გუნდი, რომელიც მომდევნო ეტაპზე გავა. მაგრამ ხვალინდელი მატჩი არაფერ შუაშია, ჩემპიონატი და ევროტურნირი განსხვავებული ტურნირებია. მინდა აღვნიშნო, რომ ოთხივე ფრანგული გუნდი პლეი-ოფში და მერვედფინალში გავიდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ლიგა 1-ისთვის და ვფიქრობ, რომ ეს უნდა აღინიშნოს, რადგან ლიგა 1-ს ბევრი არ აფასებს.
"ბრესტი“ შესანიშნავი გუნდია, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს ხარისხიან ფეხბურთელებთან. ეს არის გუნდი, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რისი გაკეთება სურს. ისინი კარგად იცავენ თავს და შეტევაშიც აქვთ ხარისხი. მათ წინააღმდეგ თამაში რთულია და სწორედ ამიტომ არიან იქ, სადაც არიან. ჩემპიონთა ლიგა განსხვავებული შეჯიბრია, ყოველი შეცდომა შეიძლება ძვირად დაგიჯდეს, მაგრამ ხვალ, ეს იქნება ლიგა 1-ის მატჩი და ჩვენ გვინდა გავაგრძელოთ ჩვენი იმპულსი. ჩვენი მიზანი ამ მატჩის მოგებაა“, - აღნიშნა ლუის ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ „ბრესტი“ – „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩი 1-ელ თებერვალს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება, ხოლო ჩემპიონთა ლიგის შეხვედრები 11/12 და 18/19 თებერვალს შედგება. ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-ს დახმარება პლეი-ოფის სტადიიდან მოახერხებს.