ჩოგბურთი

2:26 | 31.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი მონპელიეს ტურნირის მეოთხედფინალშია
ბასილაშვილმა მეტოქეს 6:0, 7:6 აჯობა

ნიკოლოზ ბასილაშვილი მონპელიეს ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა. ქართველმა ჩოგბურთელმა მერვედფინალში მასპინძელი და წყვილში ფავორიტი, არტურ რინდერკნეხი ორ სეტში დაამარცხა.

ბასილაშვილი პირველ სეტში აბსოლუტური დომინანტი იყო და მეტოქეს გეიმიც არ დაუთმო, სეტი 6:0 მოიგო და დაწინაურდა. მეორე სეტი გაცილებით დაძაბული გამოდგა, რომლის ბედი ტაიბრეიკზე გადაწყდა, სადაც ნიკოლოზმა მეტოქეს 7:4 აჯობა და საბოლოოდ, ორ სეტში, 6:0, 7:6 გაიმარჯვა. ქართველს მეორე სეტის მიწურულს ექიმის დახმარებაც დასჭირდა ფეხზე მცირე პრობლემის გამო.

შეხვედრა საათსა და 33 წუთს გაგრძელდა. ბასილაშვილმა 7 ეისი მიითვალა და 1 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ხოლო ფრანგ ჩოგბურთელს 7 ეისი და 3 ორმაგი შეცდომა ჰქონდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც ATP-ის რეიტინგში ამჟამად 178-ე ადგილზეა, მეოთხედფინალში რეიტინგის მე-10 ნომერს, ანდრეი რუბლევს დაუპირისპირდება. შეხვედრა 31 იანვარს, 21:30 საათზეა ჩანიშნული. აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილს რეიტინგში მნიშვნელოვანი წინსვლა ელოდება, ლაივ რეიტინგში უკვე 146-ე პოზიციაზე გადავიდა.

0.121678