„ლიონის“ ფეხბურთელმა გიორგი მიქაუტაძემ ევროპა ლიგის მერვე ტურში „ლუდოგორეცთან“ მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
როგორც ქართველმა ფორვარდმა აღნიშნა, ყველაფერს გააკეთებენ ამ მატჩის მოსაგებად. მიქაუტაძე გუნდში მწვრთნელის ცვლილებასაც შეეხო - „ლიონიდან“ პიერ საჟი დაითხოვეს, რომელსაც სულ მალე პაულუ ფონსეკა შეცვლის, ხოლო „ლუდოგორეცთან“ ფრანგულ გუნდს დროებით ჟორჟ მასიე უხელმძღვანელებს:
„რა თქმა უნდა, მწვრთნელის წასვლა ჩვენზე მოქმედებს. ის, რაც მან გასულ სეზონში გააკეთა, გასაოცარია, ევროპა ლიგის საგზური გუნდმა მისი წყალობით მოიპოვა. ვცდილობთ, ისე მოვემზადოთ, როგორც სხვა მატჩებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მწვრთნელი გაათავისუფლეს, ეს უნდა დავივიწყოთ. პროფესიონალები ვართ, წინ უნდა წავიდეთ. ხვალ უნდა გავიმარჯვოთ, რომ მერვედფინალში გავიდეთ. ევროპა ლიგა ევროტურნირი, კონკურენტუნარიანი გუნდი გვყავს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაქსიმუმს მივაღწიოთ.
ვიცით, რომ ჩვენი ბოლო შედეგები საუკეთესო არ იყო, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო სამი მატჩი არ წაგვიგია. ხვალ ყველაფერს გავაკეთებთ მერვედფინალში გასასვლელად, შემდეგ უკვე ყურადღებას ლიგა 1-ის მატჩზე გავამახვილებთ.
კლუბის პრეზიდენტი ჯონ ტექსტორი გვესაუბრა, რაღა აეხსნა, რატომ მიიღო მწვრთნელის გათავისუფლების გადაწყვეტილება. პიერ საჟს ამ სეზონში შევხვდი, ის არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის ღიაა დისკუსიისთვის, რასაც მთელი გუნდი აფასებს. მას მხოლოდ მადლობა შეგვიძლია ვუთხრათ.
ბულგარულ ფეხბურთზე ბევრი რამ ნამდვილად არ ვიცი. ჩემთვის მთავარია, ჩვენი კლუბი, მხოლოდ გამარჯვება და მომდევნო ეტაპზე გასვლა გვინდა.
პაულუ ფონსეკა? არ ვიცი, როგორი სტილით ათამაშებდა ის აქამდე თავის გუნდებს. ჯერჯერობით, მხოლოდ ხვალინდელ თამაშზე და სამ ქულაზე ვარ ორიენტირებული. ვნახოთ, როდის დანიშნავენ და როგორ უნდა, რომ ვითამაშოთ.
ჟორჟ მასიე? ის ჭკვიანი მწვრთნელია, ფეხბურთელებთან ახლოსაა, ბევრს გვესაუბრება, გვამხნევებს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს მატჩი მოვიგოთ. ლაკაზეტთან ერთად თამაში? დიახ, შეგვიძლია, მოედანზე ერთად ყოფნა. ახლა, ახალი მწვრთნელი მოვა და ვნახოთ, რას გადაწყვეტს“, - თქვა მიქაუტაძემ.
შეგახსენებთ, რომ „ლიონი“ ევროპა ლიგაზე 7 ტურის შემდეგ 14 ქულით მეხუთე ადგილზეა და გამარჯვების შემთხვევაში პირდაპირ მერვედფინალში გავა, ხოლო მინიმუმ პლეი-ოფის საგზური უკვე განაღდებული აქვს. მიმდინარე სეზონში „ლიონის“ მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 27 მატჩში მიქაუტაძემ 8 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი მიითვალა. მას ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.