ფეხბურთი

21:56 | 28.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "პსჟ-ში წნეხი ყოველდღეა, ვიცით, რომ ჯერ მომდევნო ეტაპზე არ ვართ"

"პარი სენ-ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგაზე "შტუტგარტთან" მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

როგორც მან თქვა, რთული მატჩი ელოდებათ, მაგრამ 90 წუთის განმავლობაში ერთნაირი მენტალიტეტით უნდა ითამაშონ.

„ანალიზის შემდეგ, გასულ სეზონში მათი მეორე ადგილი არ მიკვირს. მათ ჰყავთ მაღალი დონის მოთამაშეები, საერთაშორისო დონის მოთამაშეები. ეს არის გუნდი, რომელიც ძალიან კარგად უტევს და კარგად დაცვაც იცის. პრესინგზეც კარგად თამაშობენ. ძალიან რთული გუნდია მათ წინააღმდეგ თამაში. ეს მატჩი რთული იქნება, მით უფრო, რომ მათ სახლში ვთამაშობთ.

ეს ლიგის ფაზის ბოლო თამაშია, ვფიქრობ, რომ მზად ვართ. ჩემპიონთა ლიგაზე მოტივაცია განსაკუთრებულია. ჩემი აზრით, უნდა ვიფიქროთ მხოლოდ თამაშზე და მზად უნდა ვიყოთ პირველივე წუთებიდან ერთნაირი მენტალიტეტით თამაშისთვის. მე ისეთივე მშვიდი ვარ, როგორც ჩემპიონთა ლიგის ყველა მატჩზე, რაც იმას ნიშნავს, რომ არ ვღელავ! მე მზად ვარ ამ კონკურენციისთვის, მზად ვარ ამ ახალი ფორმატისთვის, რომელსაც ბევრი სიურპრიზი აქვს და მზად ვარ მეტოქესთან სათამაშოდ, რომელიც ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობს.

გვინდა, რომ გუნდი ნელ-ნელა გავაძლიეროთ. გვინდა, რომ მეტი შესაძლებლობა და რესურსი გვქონდეს. კონკურენცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჯანსაღი გუნდისთვის, რათა გუნდმა უკეთ ითამაშოს. მაქვს კლუბის სპორტული ხელმძღვანელობის, პერსონალის და მთელი გუნდის მხარდაჭერა. მიზანი იმაზე უკეთესი გუნდი გვყავდეს, ვიდრე გასულ სეზონში გვყავდა.

წნეხი? ყოველთვისაა. როდესაც ფეხბურთელი პსჟ-ში თამაშობს, ზეწოლა არის ყოველ მატჩში და ყოველდღე. ყველა მოთამაშემ იცის, რომ ჯერ არაფერი გაგვიკეთებია და ჩვენი კვალიფიკაციის დასადასტურებლად, უნდა მოვიგოთ. ამ შეხვედრას ისევე უნდა უყუროთ, როგორც სხვა მატჩებს. დიახ, ვიმეორებ, ზეწოლა ყველა მატჩშია", - თქვა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ "პარი სენ-ჟერმენი" 10 ქულით 22-ე ადგილზეა, ხოლო "შტუტგარტს" 29 იანვარს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაუპირისპირდება. ხვიჩა კვარაცხელია ამ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე მიმდინარე სეზონში პლეი-ოფის სტადიამდე თამაშის უფლება არ აქვს.

"შტუტგარტი" - პსჟ-ს მატჩი თუ ფრედ დასრულდება, პლეი-ოფის საგზურს ორივე გუნდი მოიპოვებს.

0.130582