საქართველოს ნაკრების და „ლიონის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე „რომას“ ისევ დაუკავშირეს.
იტალიური კლუბი მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში თავდამსხმელს ეძებს, რომელიც ელდორ შომუროდოვს შეცვლის და არტიომ დოვბიკის დუბლიორი იქნება. რომაელთა მთავარი სამიზნე „უდინეზეს“ ფორვარდი ლორენცო ლუკაა, მაგრამ სიაში მიქაუტაძეც ჰყავთ, რომლის დამატება „რომას“ ჯერ კიდე გასულ ზაფხულს, „ლიონში“ გადასვლამდეც სურდა.
როგორც Sky Sport-ი იტყობინება, „ჯალოროსიმ“ გამოითხოვა ინფორმაცია მიქაუტაძის შესახებ და „ლიონიც“ მზადაა ის გაყიდოს, მაგრამ 30 მილიონ ევროდ აფასებს, რაც იტალიური კლუბისთვის მიუღებელი ფასია. აღსანიშნავია, რომ მიქაუტაძის შეძენა „გალათასარაის“ სურდა, თუმცა გარიგება არ შედგა.
„ლიონს“ ახალი მწვრთნელი ეყოლება, უდიდესი ალბათობით, პაულუ ფონსეკა, ალბათ, ამაზეც შეიძლება იყოს დამოკიდებული, თუ რას გადაწყვეტს ფრანგული კლუბი.
გიორგი მიქაუტაძეს „ლიონთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ის „მეციდან“ 18.5 მილიონ ევროდ შეიძინეს, ხოლო მიმდინარე სეზონში „ლომების“ მაისურით 27 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი მიითვალა.