32 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთში იმყოფება, სადაც მონაწილეობას მონპელიეს Open Occitanie-ის ტურნირში იღებს.
ნიკოლოზმა ტურნირზე გამოსვლა საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო, რომელიც წარმატებით დაძლია და ძირითად ბადეში თამაშის უფლება მოიპოვა. ქართველი საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ მატჩში ფრანგ ტიტუენ დროგეს დაუპირისპირდა. პირველი სეტი ფრანგმა 6:3 მოიგო, მეორე სეტში ნიკოლოზმა იმარჯვა იგივე ანგარიშით. ყველაფერი მე-3 სეტში გადაწყდა, მაშინ როდესაც ბასილაშვილი 5:4 იგებდა, დროგემ თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო და დანებდა.
ბასილაშვილის მეტოქე ძირითად ბადის პირველ შეხვედრაში ყაზახი ჩოგბურთელი მიხაილ კუკუშკინია, რომელიც ATP-ის რეიტინგში 112-ე ადგილს იკავებს. შეხვედრა 29 იანვარს 13:00-ზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა ბოლოს პორტუგალიაში იასპარეზა, სადაც 50 სარეიტინგო ქულა დააგროვა და ATP-ის რეიტინგში 28 საფეხურით დაწინაურდა. ქართველი ჩოგბურთელი ამჟამად 178-ე ადგილს იკავებს.