ცნობილმა ფრანგულმა გამოცემა francebleu.fr-ი ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში სადებიუტო მატჩის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც გამოცემა ქართველის თამაშს აფასებს. მათი თქმით, კვარას ასეთი დებიუტი, მომდევნო მატჩის ყურების სურვილს გიჩენს.
"კვარაცხელიას თამაშში საინტერესო დეტალები დავინახეთ, ის ცდილობდა გუნდურად თამაშს, დემბელესთან, რამოშთან და ნუნუ მენდეშთან შეთამაშებას. თუმცა მხოლოდ ეს არ არის, ის ცდილობდა მომენტებში თამაში თავის თავზე აეღო, წასულიყო დრიბლინგზე და კარში დარტყმასაც ცდილობდა. ცხადია ეს ყოველივე მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ მას არ ეშინოდა პირველი წუთების პარკ დე პრენსზე.
მან გოლის ეპიზოდში დიდი როლი ითამაშა, ცხადია მისი გადაცემა რთული ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა დავინახეთ, რომ მას პატარა სივრცეებში, როდესაც საფიქრად ნაკლები დრო გაქვს, შეუძლია სწორი გადაწყვეტილებების მიღება. ბუნებრივია ყველაფერი იდეალურად ნამდვილად არ ყოფილა, რაც ბუნებრივია და ასეც უნდა იყოს. მას გუნდთან შეუთამაშობლობა ეტყობოდა, მაგრამ დროსთან ერთად ესაც მოვა, არ დაგვავიწყდეს, რომ კვარა სულ რაღაც 10 დღეა, რაც პსჟ-ს ფეხბურთელია.
ქართველი ფეხბურთელის საყვარელი პოზიცია შეტევის მარცხენა ფლანგზეა, თუმცა რეიმსთან მატჩის ბოლო წუთებმა დაგვანახა, რომ სხვადასხვა პოზიციაზე თამაში შეუძლია. როდესაც ბარკოლა შემოვიდა, მან ათიანის პოზიციაზე გადაინაცვლა და შეტევის მთავარი ღერძი იყო. ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ პსჟ მასთან ერთად არაპროგნოზირებადი იქნება. ფაქტია, რომ რეიმსთან მატჩმა გულშემატკივრებს და ჩვენ ყველას სურვილი გაგვიჩინა, რომ ლიგა 1-ის მომდევნო ტურის მატჩი მალე მოვიდეს." - წერს ფრანგული გამოცემა.
ხვიჩა კვარაცხელია "რეიმსთან" მოედანზე 83-ე წუთამდე იყო, შემდეგ ადგილი მარკო ასენსიოს დაუთმო. კვარაცხელიამ კარისკენ ორჯერ დაარტყა, ორჯერაც საკვანძო პასი გააკეთა, ბურთს 69-ჯერ შეეხო. „პარი სენ-ჟერმენი“ მომდევნო მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად „შტუტგარტთან“ გამართავს, სადაც კვარაცხელიას თამაშის უფლება ჯერ არ აქვს, ხოლო ლიგა 1-ის მომდევნო ტურში პირველ თებერვალს, სტუმრად „ბრესტს“ შეხვდება. პსჟ ლიგა 1-ში 19 ტურის შემდეგ დაუმარცხებელია და 47 ქულით ლიდერია.