ფეხბურთი

23:14 | 26.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისი" ამხანაგურ მატჩში MLS-ის გუნდთან დამარცხდა

"დინამო თბილისმა" პორტუგალიურ შეკრებაზე პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა.

ჩვენი გუნდი MLS-ის წარმომადგენელ დალასს ეთამაშა და 0-2 დამარცხდა. თბილისელთა ძირითად შემადგენლობაში რამდენიმე ახალწვეულმა ითამაშა. კარში სტეფან სიკაჩი, დაცვის ცენტრში ლეო ასუნსეუ, მოედნის ცენტრში ჯაბა კანკავას ნოდარ ლომინაძე შეუწყვილდა, ხოლო ფლანგებზე თორნიკე მორჩილაძე და სინჯებზე მყოფი 18 წლის უკრაინელი კირილ პაშკო.

მეორე ტაიმში კიდევ ერთი სინჯებზე მყოფი უკრაინელი, ასევე 18 წლის ვლადისლავ კალინი (ფლანგის შემტევი) გამოჩნდა თბილისელთა რიგებში.

პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და რამდენიმე ნახევრად სახიფათო მომენტი ორივე გუნდმა შექმნა, ტაიმის ბოლოსკენ კი პეტარ მუსამ საჯარიმოს სიახლოვიდან მოჭრილი და ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა. მანამდე კუთხურის შემდეგ ნიკოლოზ უგრეხელიძეს შეეძლო გოლის გატანა, თუმცა მისი დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია.

მეორე ტაიმში დინამოელებმა შემადგენლობა მთლიანად შეცვალეს. 65-ე წუთზე დაცვაში დაშვებული შეცდომით ჰერბერტ ენდელიმ ისარგებლა და მეორე გოლი გაიტანა. დინამოელებს კიდევ ჰქონდათ კარის აღების შესაძლებლობა, მაგრამ ცოტნე ბერელიძის აქტიურობას შედეგი არ მოჰყვა. საბოლოოდ მატჩი დალასმა ორბურთიანი უპირატესობით მოიგო.

მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი 31 იანვარს ლისაბონის სპორტინგის მეორე შემადგენლობასთან გამართავს.

დინამო 0-2 დალასი

დინამო: სიკაჩი, გვასალია, ასუნსეუ, უგრეხელიძე, ხარებაშვილი, კანკავა, ლომინაძე, პაშკო, მორჩილაძე, სალია, ვაწაძე

მეორე ტაიმი: მაქაცარია, წუალაია, ბერელიძე, სადღობელაშვილი, აფციაური, გობეშია, კალინი, იაკობიძე, ოვუსუ, ჩიქოვანი, გოცირიძე, არტური

დალასი: პაესი, ფარფანი, აბუბაქარი, იბეაფა, ნიუმანი, ნცაბელენგი, დელგადო, ლეტგეტი, ფონსეკა, ხულიო, მუსა

dinamo.ge

0.111481