ფეხბურთი

3:02 | 26.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "კვარას ბევრ პოზიციაზე თამაში შეუძლია, დასაწყისი საინტერესოა, იმედია ასე გაგრძელდება"

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „რეიმსთან“ მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი ტელეკომპანია DAZN-თან გააკეთა და ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტიც შეაფასა.

ესპანელი სპეციალისტი ხვიჩას თამაშით კმაყოფილია და იმედოვნებს, რომ ყველაფერი კარგად გაგრძელდება.

„ჩვენს ყველა თავდამსხმელს შეუძლია ნებისმიერ ადგილას თამაში, მათ შორის კვარაცხელიასაც, რაც მისი ერთ-ერთი უპირატესობაა. ხვიჩა ეცნობა თანაგუნდელებს, მეტოქეებს, „პარკ დე პრენსს“, საფრანგეთის ჩემპიონატსაც. პირველი მატჩისთვის საინტერესო დასაწყისია, კარგად ითამაშა, ბევრი რამ მოგვიტანა, ეს არის ურთიერთობის დასაწყისი, რომელიც ვიმედოვნებთ, რომ ძალიან კარგი იქნება. პირველი მატჩი ყოველთვის რთულია, მაგრამ მე კმაყოფილი ვარ“, - თქვა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-სა და „რეიმსის“ მატჩი 1:1 დასრულდა, პარიზელთა ერთადერთი გოლი უსმან დემბელემ სწორედ კვარაცხელიას პასით გაიტანა.

„პარი სენ-ჟერმენი“ მომდევნო მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად „შტუტგარტთან“ გამართავს, სადაც კვარაცხელიას თამაშის უფლება ჯერ არ აქვს, ხოლო ლიგა 1-ის მომდევნო ტურში პირველ თებერვალს, სტუმრად „ბრესტს“ შეხვდება. პსჟ ლიგა 1-ში 19 ტურის შემდეგ დაუმარცხებელია და 47 ქულით ლიდერია.

0.104294