ხვიჩა კვარაცხელიას პარიზული თავგადასავალი დაიწყო. ქართველ ფეხბურთელს „პარი სენ-ჟერმენში“ დებიუტი ჰქონდა, ლიგა 1-ის მე-19 ტურში „რეიმსის“ წინააღმდეგ და პირველივე მატჩში თავი საგოლე პასით გამოიჩინა.
თამაშის წინ კვარა „პარკ დე პრენსის“ პუბლიკას წარუდგინეს, მან ქომაგებს 7-ნომრიანი მაისური უჩვენა და მადლობა გადაუხადა.
ლუის ენრიკემ ხვიჩა პირველივე შესაძლებლობაზე ძირითად შემადგენლობაში დააყენა და ნდობა გამოუცხადა, მარცხენა გარემარბის პოზიციაზე. თუმცა, თამაშის განმავლობაში კვარამ არაერთხელ შეიცვალა პოზიცია, ცრუ ცხრიანზეც მოქმედებდა.
პსჟ-მ ქულები მოულოდნელად დაკარგა, შინ ვერ მოუგო „რეიმსს“, რომელთანაც აშკარა ფავორიტი იყო. ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიას აქტიურობით გაიხსნა, რომელმაც შესანიშნავად ითამაშა 47-ე წუთზე გაარღვია მეტოქის მყარი დაცვა, პასი უსმან დემბელეს გაუკეთა, რომელმაც ზუსტად დაარტყა. თუმცა პსჟ-მ უპირატესობა მხოლოდ 6 წუთი შეინარჩუნა, რადგან კეიტო ნაკამურამ წონასწორობა აღადგინა. დარჩენილ დროში პარიზელთა მცდელობის მიუხედავად, გოლი აღარ გასულა.
კვარაცხელია მოედანზე 83-ე წუთამდე იყო, შემდეგ ადგილი მარკო ასენსიოს დაუთმო, რასაც შედეგი არ გამოუღია. კვარაცხელიამ კარისკენ ორჯერ დაარტყა, ორჯერაც საკვანძო პასი გააკეთა, ბურთს 69-ჯერ შეეხო.
„პარი სენ-ჟერმენი“ მომდევნო მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად „შტუტგარტთან“ გამართავს, სადაც კვარაცხელიას თამაშის უფლება ჯერ არ აქვს, ხოლო ლიგა 1-ის მომდევნო ტურში პირველ თებერვალს, სტუმრად „ბრესტს“ შეხვდება. პსჟ ლიგა 1-ში 19 ტურის შემდეგ დაუმარცხებელია და 47 ქულით ლიდერია.