ფეხბურთი

23:41 | 25.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას საგოლე პასი გუგეშაშვილის გუნდთან, გულიაშვილის მორიგი გოლი "სარაევოში" (+VIDEO)

საბერძნეთის სუპერლიგის მე-20 ტურში ლევან შენგელიას „ოფიმ“ ლუკა გუგეშაშვილის „პანსერაიკოსი“ 3:2 დაამარცხა.

შენგელიამ საგოლე პასი მიითვალა, მისი გადაცემით 62-ე წუთზე გონსალესმა გაიტანა და ანგარიში იმ დროისთვის 3:1 გახადა. ქართველი შემტევი 94-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო გუგეშაშვილმა შეუცვლელად ითამაშა. შენგელიას საბერძნეთის სუპერლიგის მიმდინარე სეზონში 18 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 7-ჯერ საგოლე პასი მიითვალა.

„ოფი“ 27 ქულით მეშვიდე ადგილზეა, ხოლო „პანსერაიკოსს“ 21 ქულა აქვს და მე-10 ადგილზეა.

ბოსნიურ „სარაევოში“ მორიგი გოლი გაიტანა გიორგი გულიაშვილმა, რომელმაც ამხანაგურ შეხვედრაში სლოვენიურ „კოპერთან“ შეძლო თავის გამოჩენა. გულიაშვილი ბოსნიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია, „სარაევომ“ კი, მოსამზადებელი ეტაპი დაასრულა და სეზონს განაახლებს.

ინგლისის ჩემპიონშიფის 29-ე ტურში გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ სტუმრად „ქოვენთრისთან“ 1:2 დამარცხდა. ქართველმა შემტევმა შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ თავისი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა. „უოტფორდი“ ჩემპიონშიფში 41 ქულით მეცხრე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, პირველ თებერვალს, „ნორვიჩს“ უმასპინძლებს.

0.11458