დღეს, 25 იანვარს, ინგლისური პრემიერლიგის 23-ე ტურის ექვსი მატჩი იმართება. ხუთი უკვე დასრულდა.
ლიდერმა „ლივერპულმა“ შინ „იფსვიჩი“ გაანადგურა - 4:1. დუბლი მიითვალა კოდი გაკპომ, თითოც დომინიკ სობოსლაიმ და მოჰამედ სალაჰმა გაიტანეს. სტუმართაგან ერთადერთი ბურთი ჯეიკობ გრივზმა შეაგდო.
მოიგო „არსენალმაც.“ „მეთოფეებმა“ სტუმრად „ვულვერჰემპტონი“ შეცვლაზე შესული რიკარდო კალაფიორის გოლით დაამარცხეს. გუნდებმა მატჩი კაცნაკლულებმა ჩაამთავრეს. მსაჯმა მინდვრიდან ჯერ მასპინძელი ჟოაო გომესი დაითხოვა, შემდეგ სტუმარი მაილს ლუის-სკელი.
ამისდაკვალად, „არსენალმა“ უშუალო კონკურენტ „ნოტინგემ ფორესტს“ 3 ქულით გაუსწრო, რომელმაც მოულოდნელად „ბორნმუთთან“ 0:5 წააგო. ბორნმუთელთაგან ჰეთ-თრიქი მიითვალა ბურკინაფასოელმა დანგო უატარამ, თითოც ჯასთინ კლუივერტმა და ანტონიო სემენიომ გაიტანეს.
„ლივერპული“ 53 ქულით კვლავაც ერთპიროვნულად ლიდერობს პრემიერლიგის ცხრილს. მეორე ადგილზე 47-ქულიანი „არსენალია.“ „ნოტინგემ ფორესტს“ 44 ქულა დარჩა და მესამე პოზიციაზეა.
„ნიუკასლმა“ სტუმრად „საუთჰემპტონს“ 1:3 მოუგო და 41 ქულთ მეოთხე საფეხურზე დგას (აქ დუბლი „ჯორდების“ შვედმა ალექსანდერ ისაკმა შეასრულა), თუმცა დღეის გვიან მატჩში „მანჩესტერ სიტი“, „ჩელსის“ უმასპინძლებს და შესაძლოა ადგილები გადანაწილდეს.
ინგლისი. პრემიერლიგა. 23-ე ტური. 25 იანვარი: ბორნმუთი - ნოტინგემ ფორესტი 5:0, ბრაიტონი - ევერტონი 0:1, ლივერპული - იფსვიჩი 4:1, საუთჰემპტონი - ნიუკასლი 1:3, ვულვერჰემპტონი - არსენალი 0:1, მანჩესტერ სიტი - ჩელსი მოგვიანებით გაიმართება