ფეხბურთი

18:52 | 25.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

რუდი გარსიას ინტერვიუ კვარაცხელიაზე: "პსჟ-ს გააძლიერებს, ასეთი ფეხბურთელის ყოლა ძალიან მნიშვნელოვანია"
"რიბერის ცოტათი ჰგავს, მას შეუძლია სხვადასხვა სისტემაში ითამაშოს"

„ნაპოლის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ ფრანგულ გამოცემა Le Parisien-ს ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ინტერვიუ მისცა.

ფრანგი სპეციალისტი, რომელიც ახლახან ბელგიის ნაკრების მწვრთნელად დანიშნა, კვარას კარგად იცნობს, რადგან მასთან „ნაპოლიში“ მუშაობდა. გარსიამ ხვიჩას მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

- რატომაა კვარაცხელია განსაკუთრებული ფეხბურთელი?

- ეს უპირველეს ყოვლისა განპირობებულია მისი დრიბლინგის უნარებითა და ერთი-ერთზე თამაშში განსხვავების მოხდენის უნარით. ის ძალიან კარგად ფლობს ფინტებს და ორივე ფეხით თამაში შეუძლია. გუნდში ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტიპის მოთამაშის ყოლა, რომელსაც შეუძლია ინდივიდუალურად დაცვითი ბლოკის დესტაბილიზაცია მოახდინოს. ასევე იცის გოლის გატან და საგოლე პასის გაკეთება. ამიტომ, ორმაგად გადამწყვეტია. ახლა ეს ყველაფერი პარიზში უნდა აჩვენოს.

- რაში უნდა მოუმატოს?

- კვარას უყვარს მარცხენა ფლანგზე თამაში, სიღრმეში ბურთის მიღება, მაგრამ მის თამაშს მოწინააღმდეგე გუნდები სწავლობენ. სერია A-ში ორმაგი მეურვეობით ეთამაშებოდნენ, ზოგჯერ სამითაც. ტაქტიკური კორექტირებით ვცადეთ მისი ამ მეურვეობისგან გათავისუფლება. ის, რაშიც გაუმჯობესება სჭირდება და რაზეც ბევრი ვიმუშავეთ მასთან, ისაა, რომ, როდის უნდა შევიდეს საჯარიმოში შეტევის დასასრულებლად. ზედმეტად ფლანგზე იწევდა და შესაბამისად, ნაკლები გოლი გაიტანა.

- აქვს უნარი სხვადასხვა ტაქტიკას რომ მოერგოს, შეგიძლიათ ეს დაადასტუროთ?

- აბსოლუტურად. საქართველოს ნაკრებში ის გიორგი მიქაუტაძის გვერდით თამაშობს და ორივე მოედანზე დიდი თავისუფლებით სარგებლობს. ასე რომ, ხვიჩამ ორ თავდამსხმელიან სქემაში თამაშიც იცის, რადგან სივრცეებს ითვისებს. ის ბურთთან ერთად სწრაფია.

- ლუის ენრიკეს ფეხბურთთან თავსებადია?

- დიახ, არის, თუმცა დიდი კონკურენციის წინაშე მოუწევს ყოფნა, რაც მისთვის ახალი ელემენტია. „ნაპოლიში“ ვარსკვლავად მიიჩნევდნენ. პსჟ-ში კი, მარცხნივ ბრედლი ბარკოლაა. ლუის ენრიკეს გადასაწყვეტია ისინი ერთად ითამაშებენ თუ არა, შესაძლოა შემტევი სამეულით ითამაშოს, რომელსაც მათთან ერთად დემბელე შეავსებს. ვნახავთ ლუის ენრიკეს არჩევანს. მას ასევე შეუძლია შესანიშნავი დუეტი შექმნას გონსალო რამოშთან. „ნაპოლიში“ ოსიმენთან ერთად ტანდემი ნაყოფიერად მუშაობდა.

- მწვრთნელისთვის მარტივია ასეთი ფეხბურთელის მართვა?

- გულწრფელად ვიტყვი, რომ დიახ. წყნარი ბიჭია, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ბრაზი გამოხატოს, მაგალითად, ბოთლს ფეხი დაარტყას. ის მხოლოდ 23 წლისაა.

- კვარაცხელიასთან ერთად პსჟ გაძლიერდება?

- დიახ. ეს პსჟ-სთვის ნამდვილი გაძლიერებაა, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის გათვალისწინებით. ახლა მას მოუწევს, რაც შეიძლება მალე ინტეგრირდეს გუნდში, მაგრამ იტალიაში გატარებული 2.5 წელი დაეხმარება. ძლიერი მენტალიტეტი აქვს, ჭკვიანი და ენერგია გააჩნია თავისი საქმის გასაკეთებლად.

- ვილი სანიოლმა 2022 წელს ის ფრანკ რიბერის შეადარა. თქვენ პოულობთ მათ შორის მსგავსებას?

- ნაწილობრივ, ცოტათი ჰგავს რიბერის, მაგრამ მე ასევე ვმუშაობდი ჟერვინიოსთან, რომელიც დრიბლინგებს იმავე სიმარტივით აკეთებდა, როგორც ხვიჩა.

0.061425