კალათბურთი

11:50 | 25.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

თასის მეოთხედფინალში იმერული კლუბები – ქუთაისი და ზესტაფონიც შევიდნენ

სუპერლიგისა და თასის გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტი, “ქუთაისი 2010” მეოთხედფინალში გავიდა. თასის გათამაშების მერვედფინალური სერიის პირველი მატჩი ქუთაისელებმა რუსთავში 12 ქულით წააგეს, რაც გვარიანი მოულოდნელობა გახლდათ იმის გათვალისწინებით, რომ რუსთავის გუნდი “ა” ლიგაში ასპარეზობს. კოტე ტუღუშის გაწვრთნილ ქუთაისელებს სერიის მოსაგებად საკუთარ მოედანზე 13-ქულიანი მოგება სჭირდებოდათ, რაც მათ გადაჭარბებით შეასრულეს.

პირველი პერიოდი ქუთაისმა 8 ქულით – 34:28 მოიგო, ხოლო მეორე პერიოდი ისე შედეგიანად ჩაატარა, დიდი შესვენებისთვის ფაქტობრივად ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. მასპინძლები 72:42 იგებდნენ და დარჩენილ დროში ამხელა უპირატესობის დამთმობებს არ ჰგავდნენ. ქუთაისელთაგან განსაკუთრებით შედეგიანად ირჯებოდა აკაკი დვალიშვილი, რომელიც რუსთაველია და ქვემოქართლურ გუნდშიც არაერთი სეზონი გაუტარებია. მისი წინამძღოლობით იმერულმა კლუბმა მესამე პერიოდიც მოიგო და ბოლო პერიოდის წინ 40 ქულით იგებდა.

ბოლო პერიოდში რუსთაველებმა ჩამორჩენის შემცირება მნიშვნელოვნად შეამცირეს, ბოლოსწინა წუთზე სხვაობა 20 ქულამდეც დავიდა, თუმცა სენსაციის მოხდენა ქვემოქართლელებმა ვეღარ მოახერხეს და მეოთხედფინალის საგზური ქუთაისელებს დარჩათ. მატჩი საბოლოოდ 108:86 (სტატისტიკა) დასრულდა. გამარჯვებულებს დვალიშვილმა 25 ქულითა და 6 მოხსნით ულიდერა. 24 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა გიორგი კორსანტიამ, 23 ქულა გიორგი სულაბერიძის ანგარიშზე დაგროვდა. რუსთაველთაგან 21-21 ქულით კემდინ კარფმანი და კევონ ვოილსი გამოირჩნენ. 13 ქულა გუგა პატაშურის ანგარიშზეა.

ქუთაისი მეოთხედფინალშია და მეტოქეს ელოდება, რომელიც გორის ივერიონისა და კსუ-ს დაპირისპირებაში უნდა გამოვლინდეს.

GBF.GE

0.13818