ევროლიგის 23-ე ტურში „ვირტუს ბოლონიამ“ „მონაკოს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 80:86 დამარცხდა.
იტალიური კლუბი სამი პერიოდის განმავლობაში იგებდა, მაგრამ ბოლო მეოთხედი 12 ქულით დათმო, რაც საბოლოოდ წაგების ფასად დაუჯდა. „ვირტუსი“ მატჩის მიმდინარეობისას 21 ქულით იგებდა, თუმცა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა.
თორნიკე შენგელია თანაგუნდელთა შორის საუკეთესო იყო. ქართველმა კალათბურთელმა 24 წუთში 15 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. შენგელიამ 8-დან 5 ორქულიანი და 8-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 2 სამქულიანი ააცილა.
მატჩის საუკეთესო კალათბურთელი „მონაკოს“ ლიდერი მაიკ ჯეიმსი გახდა, რომელმაც 24 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი დააგროვა.
„ვირტუს ბოლონია“ 7 მოგებით და 16 წაგებით მე-16 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 31 იანვარს, „ფენერბაჰჩეს“ სტუმრად შეხვდება.