„ლევანტეს“ ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა შესაძლოა უახლოესი ტურის მატჩი ლა კორუნიის „დეპორტივოს“ წინააღმდეგ გამოტოვოს.
ქართველ ნახევარმცველს ტრავმა აწუხებს, რაზეც მატჩისწინა პრესკონფერენციაზე „ლევანტეს“ მთავარმა მწვრთნელმა ხულიან კალერომ ისაუბრა:
„დღეს ანხელ ალგობიამ და ქოჩორაშვილმა ვერ ივარჯიშეს. ქოჩო მთელი კვირაა მხოლოდ მსუბუქად ვარჯიშობს, რადგან რამდენიმე კვირაა მუხლზე დისკომფორტი აწუხებს. ბოლო მატჩში სიტუაცია გამძაფრდა. დისკომფორტი მუხლზე აქვს, მაგრამ უფრო მეტად კოჭი აწუხებს, სადაც რამდენიმე მატჩის წინ დარტყმა მიიღო. დღეს უკეთ იყო, თუმცა გადავწყვიტეთ, არ ევარჯიშა, უახლოეს საათებში გადავწყვეტთ, ითამაშებს თუ არა“, - თქვა კალერომ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ქოჩორაშვილმა მიმდინარე სეზონში ლა ლიგა 2-ში 19 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი მიითვალა. „ლევანტე“ 39 ქულით მეხუთე ადგილზეა და „დეპორტივოს“ 25 იანვარს ესტუმრება.