ჩემპიონთა ლიგის მეშვიდე ტურში დონეცკის „შახტარმა“ ფრანგული „ბრესტი“ 2:0 დაამარცხა და პლეი-ოფში გასვლის შანსი შეინარჩუნა.
უკრაინულმა კლუბმა პირველივე ტაიმში ორი გოლი გაუტანა მეტოქეს. ჯერ ანგარიში კევინმა გახსნა, ხოლო შემდეგ გეორგი სუდაკოვმა პენალტით სხვაობა ორამდე გაზარდა. პენალტით, რომელიც ირაკლი აზაროვმა მოიპოვა. ქართველი მცველი შეტევაში კარგად ჩაერთო, მეკარესთან პირისპირ დარჩა, რომელმაც ის წააქცია. ზოგადად, ირაკლის ძალიან კარგი თამაში ჰქონდა, თანაგუნდელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მან შეუცვლელად ითამაშა. უნდა აღნიშნოს, რომ მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მატჩი ჩაატარა, წინა ექვს ტურში თადარიგში ტოვებდნენ. „შახტარი“ 7 ქულით 27-ე ადგილზეა, ბოლო ტურში კი, 29 იანვარს, „დორტმუნდს“ ესტუმრება. „ბრესტი“ 13 ქულით მეცხრე პოზიციაზეა და წინ „რეალთან“ საშინაო თამაში აქვს.
„ლაიფციგმა“ ზედიზედ 6 წაგების შემდეგ, როგორც იქნა, ჩემპიონთა ლიგაზე თამაში მოიგო. გერმანულმა გუნდმა შინ ლისაბონის „სპორტინგი“ 2:1 დაამარცხა. ეს მატჩი „ლაიფციგისთვის“ არაფერს წყვეტდა, პლეი-ოფში გასვლის შანსი არც ჰქონდა, თუმცა, პრესტიჟის საკითხი იყო. 3 ქულით ისინი 30-ე ადგილზე არიან და ბოლო ტურში „შტურმს“ ესტუმრებიან. „სპორტინგი“ 10 ქულით მე-19 პოზიციაზეა და წინ „ბოლონიასთან“ თამაში აქვს.
„შახტარი“ – „ბრესტი“ 2:0 (2:0)
გოლები: 1:0 კევინი (18), 2:0 სუდაკოვი (37, პენ)
„ლაიფციგი“ – „სპორტინგი“ 2:1 (1:0)
გოლები: 1:0 შეშკო (19), 1:1 გიოკერეში (75), 2:1 პოულსენი (78)