მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ კლუბის დატოვებას მიმდინარე სეზონის ბოლოს არ აპირებს.
როგორც მან თქვა, მისი გადასაწყვეტი არაა როდის უნდა დატოვოს „რეალი“ და კლუბში ოთხი წლით დარჩენის იმედი აქვს.
„აბსოლუტურად არ გადამიწყვეტია „რეალის“ დატოვება. იმედი მაქვს კიდევ 4 წელი დავრჩები, როგორც პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი. ეს იქნება შესანიშნავი, რათა გუნდს 2029 წელს ერთად დავემშვიდობოთ. მინდა, ძალიან მკაფიოდ გითხრათ: არასოდეს გადავწყვეტ „რეალი“ როდის უნდა დავტოვო. ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი. აქ ყველა მიყვარს, კლუბი, გულშემატკივარი, მედიაც. ჩემი გრძნობა ნათელია, კლუბი მიყვარს.
ვეჭვიანობ თუ არა, „სიტი“ იანვარში ბევრ ფულს რომ ხარჯავს? არა, სულაც არა. ისედაც ძალიან კარგი შემადგენლობა გვყავს. გასულ სეზონშიც დავკარგეთ ფეხბურთელები, მაგრამ კონკურენტუნარიანი გუნდი ვიყავით, შეიძლება ეს წელსაც განმეორდეს“, - თქვა ანჩელოტიმ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს დაირხა ხმები, რომლის მიხედვით ანჩელოტისთვის ეს „რეალში“ ბოლო სეზონია. თუმცა, როგორც ჩანს, გამოცდილ იტალიელ სპეციალისტს სხვა გეგმები აქვს.