ფეხბურთი

18:33 | 21.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "მანჩესტერ სიტიმ" 19 წლის მცველი 40 მილიონ ევროდ შეიძინა

„მანჩესტერ სიტიმ“ ბრაზილიური „პალმეირასიდან“ 19 წლის ცენტრალური მცველი ვიტორ რეისი შეიძინა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

რეისმა „სიტისთან“ კონტრაქტი 2029 წლის 30 ივნისამდე გააფორმა, ხოლო ბრაზილიურ კლუბს მის სანაცვლოდ დაახლოებით 40 მილიონი ევრო გადაუხადეს. რეისი „სიტის“ მეორე ახალწვეულია აბდუკოდირ ხუსანოვის შემდეგ, რომელიც მანჩესტერელებს ასევე 40 მილიონი ევრო დაუჯდათ.

ეს ყველაფერი არაა: სეზონის რთული პირველი ნახევრის შემდეგ „სიტი“ ბაზარზე ძალიან აქტიურობს და სულ მალე ომარ მარმუშის ტრანსფერიც ოფიციალურად დადასტურდება. ასევე, მიმდინარეობს მუშაობა მარჯვენა მცველის და ცენტრალური ნახევარმცველის დამატებაზე (სიტის, ანდრეა კამბიაზოს და დუგლას ლუისის შეძენა სურს).

„სიტის“ ყველა უყურებს, ვისაც ფეხბურთი უყვარს. როდესაც შემოთავაზება მივიღე, სხვაგან წასვლაზე აღარც მიფიქრია. ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი გამოწვევაა, თუმცა მზად ვარ, აქ თამაშზე ყველა ოცნებობს და მე ოცნება ამიხდა. მინდა, ჩემპიონთა ლიგა და სხვა ტიტულები მოვიგო. ეს მხოლოდ ჩემი წარმატება არაა, არამედ ჩემი ოჯახის და ყველა იმ ადამიანის, ვინც აქამდე მოსვლაში დამეხმარა“, - თქვა ბრაზილიელმა მცველმა.

ვიტორ რეისმა გასულ სეზონში „პალმეირასში“ ჩატარებულ 22 შეხვედრაში 2 გოლის გატანა მოახერხა.

0.114399